ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია იესო ქრისტეს ამაღლებას ზეიმობს.
დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ტაძარში საღმრთო ლიტურგია შესრულდება.
21 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III წირვას აღავლენს საბურთალოს ამაღლების სახელობის ტაძარში
აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს, მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს.
როგორც წმინდა სახარება გვაუწყებს, ბრწყინვალე აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტე თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა. იოანე ოქროპირის სიტყვით, იგი მოწაფეებს ასწავლიდა „სასუფევლის საიდუმლოებებს“, რომელნიც მაცხოვრის აღდგომამდე მათთვის გაუგებარი და მიუწვდომელი იყო.
აღდგომიდან ორმოცი დღის შემდეგ, იესო ქრისტე უკანასკნელად გამოეცხადა თავის მოწაფეებს იერუსალიმში და უთხრა მათ: „თქვენზე გადმოვა სულიწმიდა, შემდეგ წადით და უქადაგეთ სახარება ყველას და ნათელი ეცით მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით". ამ სიტყვების შემდეგ ქრისტემ აიყვანა ისინი ზეთისხილის მთაზე, აკურთხა და მათ თვალწინ ზეცაში ამაღლდა



