ჩვენმა ხალხმა უდიდესი პატივი მიაგო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, როგორც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მამამთავარს და ამას თავისი საფუძველი აქვს, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.
მისივე თქმით, პატრიარქმა თავი შესწირა სრულიად საქართველოს. მისი მთელი მოღვაწეობა უკავშირდება საქართველოს სულიერ აღორძინებას და გამთლიანებას.
„რაც ჩვენ ვნახეთ ამ დღეების განმავლობაში, ეს იყო მთელი ერის გამთლიანება პატრიარქის მიმართ პატივისცემის გამოხატვაში და შეიძლება ითქვას, რომ მთელი მსოფლიოს წინაშე, ისევე როგორც ჩვენი ხალხის და ქვეყნის წინაშე. ნათლად წარმოჩინდა ქართული სახელმწიფოს უდიდესი ღირსება, ქართველი ერის უდიდესი და განსაკუთრებული თვისება მადლიერების და პატივისცემის გამოხატულება საქართველოს პატრიარქისადმი“, - აღნიშნა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.










