11 ოქტომბერი გოგონათა საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს გოგონათა უფლებების აღიარებასა და დაცვას, განათლების ხელშეწყობას, მათი შესაძლებლობების გაზრდას. - ამ დღესთან დაკავშირებით სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი განცხადებას ავრცელებს.
"დღეს, როდესაც აღვნიშნავთ გოგონების საერთაშორისო დღეს, მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ თითოეული გოგონას უსაზღვრო შესაძლებლობებსა და მნიშვნელოვან როლს, რომელიც მათ ჩვენი საზოგადოების ფორმირებაში უჭირავთ. ეს დღე გლობალურ პლატფორმას წარმოადგენს გოგონების უფლებების მხარდასაჭერად და იმ პროგრესის შეფასებისთვის, რომელსაც მივაღწიეთ, მაგრამ ასევე იმ გამოწვევების ხაზგასმისთვის, რომელთა დაძლევაც აუცილებელია, რათა გოგონებს მიეცეთ მათი პოტენციალის სრული რეალიზების საშუალება დისკრიმინაციის, ძალადობისა და უთანასწორობისგან თავისუფალ გარემოში.
საქართველოში არსებული გენდერული ნორმებისა და სტერეოტიპების გამო, გოგოებს ჯერ კიდევ უწევთ ადრეული ასაკიდანვე სხვადასხვა უხილავ თუ ხილულ ბარიერებთან გამკლავება. განსაკუთრებულ გამოწვევად რჩება ადრეულ/ბავშვობის ასაკში ქორწინება და ნიშნობის პრაქტიკა, რომელიც არსებითად ლახავს ბავშვის ფუნდამენტურ უფლებებს. ადრეულ/ბავშვობის ასაკში ქორწინების გამო გოგოები წყვეტენ განათლების მიღებას, რაც შემდგომში მათ ეკონომიკურ თავისუფლებაზე აისახება და მათი ცხოვრების ხარისხზე ახდენს გავლენას.
მნიშვნელოვანია, გავაცნობიეროთ გოგოების როლი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის. საწყის ეტაპზე გოგოების მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრა მომავალში ქალებისთვის თანაბარი შესაძლებლობების გარანტია. ბოლო წლების განმავლობაში, ახალგაზრდა გოგოები, სულ უფრო მეტად აცხადებენ მზაობას მონაწილეობა მიიღონ ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ სივრცეებში. მოზარდი გოგოების ჯანმრთელობაზე, კეთილდღეობასა და შესაძლებლობებში ინვესტიცია სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ გოგოებს, არამედ მათ ოჯახებს და ქვეყანას, ამიტომ მნიშვნელოვანია მოვუსმინოთ მათ და გავიზიაროთ მათი ხედვა მომავლის შესახებ.
საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას, ხაზს უსვამს ამ დღის მნიშვნელობას და მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, გადადგან ქმედითი ნაბიჯები ქვეყანაში გენდერული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად და გოგოების ჩართულობით მათი შესაძლებლობების გაზრდის უზრუნველსაყოფად." - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.