"ნაბიჯი, რომელიც დღეს პუტინის მიერ გადაიდგა, დარწმუნებული ვარ, შეთანხმებულია “ქართულ ოცნებასთან” … როცა მთელ ცივილიზებულ სამყაროს საერთაშორისო იზოლაციაში ჰყავს პუტინის რუსეთი, ამ დროს საქართველო ბელორუსიის რანგში ჩადგა, ხელისუფლების მეცადინეობით. ერთია რას ფიქრობს ივანიშვილი და ღარიბაშვილი პუტინზე, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს თავად პუტინი “ქართულ ოცნებაზე”. - - ამის შესახებ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ გადაცემაში "რეაქცია" განაცხადა. 

"როდესაც გყავს ხელისუფლება, რომელმაც აბსოლუტური ძალაუფლება და გახდა პუტუნის რუსეთის ერთ-ერთი საუკეთესო მოკავშირე, ამ წრის გარღვევა არ აღმოჩნდა მოკლევადიანი პროცესი, მაგრამ წინ გველოდება პერიოდი, როდესაც აღარ უნდა დავუშვათ შეცდომები ოპოზიციამ და ქართულ საზოგადოებას უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ გააკეთოს გულწრფელი, გააზრებული არჩევანი და დავანახოთ კონტრასტული სხვაობა.
არასდროს მივლია მარტივი გზებით და მაქვს პრეტენზია ვთქვა, რომ სწორ გზაზე დავდიოდი. მიმაჩნია, რომ ჩემი პრინციპების, რწმენის, ღირებულებებისა და იდეალების თანახმად ვირჩევდი იმ გზებს, რომელიც იყო ძალიან ვიწრო, ხშირ შემთხვევაში ძალიან რთული, წინააღმდეგობებით აღსავსე, რომელიც გადიოდა უამრავ უხერხულობაზე, ბევრ ცილისწამებაზე, ტალახის სროლაზე, ფიზიკურ დაპირისპირებაზე და მათ შორის ციხეზე - დიახ, ეს ჩემი არჩევანია და ყოველთვის მჯეროდა, რომ ვიყავი იქ, სადაც სიმართლე იყო. 
ჩემთვის პარტიული თანამდებობა და პარტია არის ინსტრუმენტი, რომ ჩემი იდეალები და ღირებულებები განვახორციელო.


პარტია იდეური ერთობაა და როდესაც შენ შორდები ამ იდეურ ერთობას, ფასეულობებითა და ღირებულებებით, ჩემი აზრით, შენ ტოვებ პარტიას. 


მე ვიქნები პარტიაში, თუ პარტია იქნება დემოკრატიული მმართველობის ქვეშ, თუ ის ღირებულებებსა და ფასეულობებზე იქნება დაფუძნებული, რადგან ამ პარტიისთვის ძალიან ბევრი რამ მაქვს გაკეთებული. 
გამიგია ქვეყნის პატრიოტიზმი, მაგრამ არ გამიგია პარტიული პატრიოტიზმი. გამიგია პარტიული ერთგულება, პატივისცემა კოლეგებისადმი და მგონია, რომ ამაში არ შემშლია ამ დროის განმავლობაში. სანამ ვხედავ თუნდაც მცირეოდენ შანსს, რომ ეს პარტია ფასეულობებისა და ღირებულებების მხრივ გადარჩეს, არ განიძარცვოს ამ ყველაფრისგან - ბუნებრივია, ვიქნები იქ. 


დღეს სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა - პარტია არის უმძიმეს მდგომარეობაში, ვიდრე ოდესმე ყოფილა. 


შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო დაგეგმილი სპეცოპერაცია, პარტიული გადატრიალება, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, საკუთარ თავში ვიპოვე ძალა და არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე ჩავატარე ბრიფინგი და ვუსურვე ახალ თავმჯდომარეს, რომ პარტია ემართა სიმართლითა და ღირსებით - იქ ჯერ კიდევ იყო შანსი, რომ ეს დაშორიშორებული პოზიციები დაახლოვებულიყო, მაგრამ ამ სურვილმა მხოლოდ ხუთიოდე დღე გასტანა. 
ეს იყო უნებლიე შეცდომა?! - ეს იყო განზრახ გადადგმული ნაბიჯი, როდესაც ლევან ხაბეიშვილს ვანო მერაბიშვილმა და დავით კეზერაშვილმა ეს დავალება მისცეს და მან შეასრულა ნოტარიუსის ფუნქცია - აქ გაჩნდა კრიზისი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გაღრმავდა და ეს ყველაფერი მოხდა წინა დღეს, სანამ მიხეილ სააკაშვილის თაობაზე გადაწყვეტილებას გამოიტანდა მურუსიძის სასამართლო. “ქართულმა ოცნებამ” გადადო ამ გადაწყვეტილების გამოტანა, გვაცადა, სანამ ერთმანეთს შიგნით ჩავხოცავდით, დავუპირისპირდებოდით.
არ მჯერა პოლიტიკაში ამდენი დამთხვევის.


ფაქტია, რომ რაც ენმ-ში მოხდა, მხოლოდ და მხოლოდ “ქართულ ოცნებას” აწყობდა - გადამწყვეტი თარიღების წინ მუდმივად ჩნდებოდა ხელოვნურად ტურბულენციები. 
მინდა გულწრფელად გითხრათ - დიახაც, ჩემთვის დავით კეზერაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ერთ სიბრტყეში დგას. დღეს ეს პარტია თუ ვინმესია, ვინც სრულად ფლობს პარტიის მართვის ბერკეტებს, არის დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი. ეს ადამიანები ნებსით თუ უნებლიედ ბიძინა ივანიშვილის სცენარში ეწერებიან. 


ამ პარტიაში ყოველთვის იყო განსხვავებული ხალხი, ახლა კი ცდილობენ, რომ ერთ თარგზე მოჭრან, კლუბად გადააქციონ და შესაბამისად, როცა მსგავს პოლიტიკას აწარმოებ, ამომრჩეველიც ერთფეროვანი დარჩება.
საინტერესოა, რას ვაპირებთ თუ სტრასბურგის გადაწყვეტილება უარყოფითი იქნება, ღმერთმა არ ქნას - ვეგუებით, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს ციხეში 2024 წლის არჩევნებამდე?! 
თუ პარტიაში მთელი რიგი ეს მანკიერებები არ აღმოიფხვრა ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს ბიძინა ივანიშვილის დამარცხება არ უნდათ…" - განაცხადა ნიკა მელიამ.