ქუთაისი-ჰამბურგის მგზავრი, ვასო გაბუნია სოციალურ ქსელში ქუთაისის აეროპორტსა და კომპანია WizzAir-თან დაკავშირებით უსიამოვნო ფაქტზე წერს.
"სანამ ბრაზს არ გადაუვლია - დღევანდელი დღე ქუთაისის აეროპორტში და ჩაშხამებული სტუმრობა სამშობლოში.
12 თებერვალს WizzAir ჰამბურგი - ქუთაისი - ჰამბურგის ბილეთები ავიღეთ (550 ეურო 2 ადამიანი). დღეს მივედით ქუთაისის აეროპორტში, პატიოსნად 1 საათი ვიდექით ჩეკინგის რიგში. მოვიდა ჩვენი ჯერი და ბარგის გატარებას რომ ვაპირებთ, "დახლს" იქეთ მჯდარი ახალგაზრდა ბიჭი ჩუმად გვეუბნება - ვიზეარმა 6 ზედმეტი ბილეთი გაყიდა, მათ შორის თქვენც ხართ და შეგიძლიათ სახლში გაბრუნდეთო. ზუსტად სახლში, ჰაბმბურგში ვაპირებთ წასვლას-თქო. ვერ გამიგეთ - ქუთაისში მოგიწევთ დარჩენა გაურკვეველი ვადით. მხოლოდ იმ შემთხვევაში გაფრინდებით, თუ 6 მგზავრით ნაკლები იქნება ბორტზე. ანუ, თუ ეს 6 ბედნიერი მგზავრი გადაიფიქრებს წასვლას, თქვენ მათ ადგილებზე დაჯდებით. ჩვენ არაფერ შუაში ვართ, აქ არც წარმომადგენლობა აქვს ამ კომპანიას და საერთოდ ბუნდოვანი წარმოდგენა გვაქვს ამ კომპანიაზე. შეგიძლიათ უჩივლოთ და კომპენსაცია მოითხოვოთ. ახლა კი დატოვეთ ტერიტორია.
ცოტა ხანი კატატონია დაგვემართა. და, აზრზე რომ მოვედით, თუ რას გვიშვებიან - გამეხსნა! ჩვენნაირი კიდევ 6 აღმოჩნდა - 2 უკრაინელი, 2 ჩეჩენი და ჩემი მეუღლე და მე. ესენი გაშტერებულები დგანან - მე ქართულად აეროპორტის თანამშრომლებთან მაღალ ტონებზე ვარკვევ სიტუაციას და პარალელურად ამათ ვუთარგმნი რა შარშიც ვართ. იქედან ჩემზე 3-ჯერ უმცროსი თანამშრომელი გოგო შემომჩივის, რომ ტონს დავუწიო, რადგან დაბალი წნევა აწუხებს და ჩემი ხმა უარესად ხდის. მეორე ქალი ამბობს, რომ გაგნებაში არაა ვიზეარის შესახებ და ამ დროს კბილებით იცავს ამ კომპანიას. მესამე მეუბნება, რომ ადგილების ყიდვაში ფულის გადახდა არ მოვინდომე და ამის ბრალია. ანუ, 550 ეურო გადავიხადე და 12 ეურო დავზოგე! მეოთხემ - ლოუკოსტერით რომ დაფრინავთ, აპა რა გგონიათო 🙂 🙂 პარალელურად, ჩემს მეუღლეს ეუბნებიან, საერთოდ გავიდეს ტერიტორიიდან. აქ უარესად მეკეტება! მოკლედ, სრულიად შიზოფრენიული სიტუაციაა.
ამ დროს იწყება ყველაზე საინტერესო - როცა ჩემი დუღილის ტემპერატურამ მაქსიმუმს მიაღწია, გვეუბნებიან, რომ თუ 100 ეუროს გადავიხდით, შეიძლება ადგილი გამოგვიძებნონ. სიხარულისგან 300 ეუროს გადახდაზეც თანახმა ვართ. მოკლედ, ვიხდით ამ ას ეუროს (ჩეკს დავყურებ ახლა , როგორც შამპოლიონი იეროგლიფებს) და აზრზე არ ვარ, რაში გადავიხადე ეს ფული. მოკლედ, ამ გადახდილი ჩეკით გვაძლევენ დასაჯდომ ბარათებს, შევდივართ თვითმფრინავში ეს 6 უბედნიერესი ადამიანი და ახალი შოკი - მინიმუმ 4-5 თავისუფალი ადგილია ბორტზე...
რას ნიშნავს ეს, რა მაფიაა - ვინმეს შეუძლია მითხრას?
ცალკე ის რომ, ვიზმა 3 დღე მოგვაკლო თავდაპირველად ნაყიდი ბილეთებიდან და ცალკე ქუთაისის აეროპორტის თანამშრომლების სრულიად გულგრილი დამოკიდებულება მგზავრების მიმართ. არც ის მავიწყდება, როგორ მოგვაწყევლეს ბერლინის რეისის მგზავრებს შარშან საპასპორტო კონტროლის თანამშრომლებმა - თქვენ არ ჩადით ცოცხლებიო! იმ კონკრეტული რეისის დაწყევლის მიზეზი დღემდე ამოუცნობად რჩება...
მოკლედ, აწი ბევრჯერ დავფიქრდები, სანამ ქუთაისის აეროპორტში ჩაფრენა-გამოფრენას გადავწყვიტავ.
P.S. თვითონ ბორტზე მომუშავე ქართველ სტიუარდებზე და სტიუარდესებზე კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი."