სამების საკათედრო ტაძარში, მეუფე შიომ ჯვართამაღლების დღესთან დაკავშირებით, წირვა-ლოცვა აღავლინა და აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა ქადაგებისას სოხუმის დაცემის დღეზე ისაუბრა.

წირვას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო.

"ვიხსენებთ ამ ტრაგიკულ, საშინელ ომს, რომელსაც მოჰყვა ათი ათასზე მეტი ადამიანის სიკვდილი, ასობით ათასი ადამიანის განდევნა თავისი მიწა-წყლიდან, სახლებიდან მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველია, ანუ ეთნიკური ნიშნით მოხდა მათი განდევნა. 

 მოვიხსენებთ დაღუპულთა სულებს, როგორც ქართველებს, ასევე აფხაზებს, ასევე ცხინვალის რეგიონში დაღუპულებსაც, ჩვენს ძმებს და დებს," - აღნიშნა მეუფე შიომ.