კიდევ ერთი, ახალი საფეხბურთო მოედანი და თანამედროვე სტანდარტების სასპორტო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს მაღალმთიან აჭარაში, დაბა ხულოში. სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ამ დროისათვის უკვე დასრულდა 3,20მ სიმაღლის სარდაფის დ პირველი სართულის მშენებლობა. პარალელურად მიმდინარეობს ტერიტორიაზე საყრდენი კედელის მოწყობა და ტრიბუნებისთვის გრუნტის დამუშავება.
მშენებლობის დაწყებამდე არსებული ორსართულიანი ძველი ნაგებობის დემონტაჟი და სამშენებლო ნარჩენების გატანა განხორციელდა. ახალი ობიექტის მდგრადობისთვის ნიადაგი საფუძვლიანად მომზადდა და მოეწყო საძირკველი.
სპორტული კომპლექსის სამ სართულიანი შენობის სხვადასხვა სართულზე განთავსდება საჭიდაო, საჭადრაკო და სავარჯიშო, ასევე სატრენაჟორო დარბაზები, რომლის იატაკი ხმის საიზოლაციო და ვიბრაციის ჩამხშობი მასალით გაკეთდება.
200 მაყურებელზე გათვლილ დარბაზში შესაბამისად მოეწყობა ტრიბუნები შშმ-პირთათვის და მედიისთვის.
შენობის გარკვეული ნაწილი დაეთმობა სამწვრთნელო, სამედიცინო ოთახებს. ასევე ევროსტანდარტების შესაბამისად მოეწყობა გასახდელები, საშხაპეები და საუნა. შიდა და გარე პერიმეტრი მთლიანად არჭურვილი იქნება უსაფრთხოების კამერებით, გათბობა-გაგრილების და სახანძრო უსაფრთხოების სისტემები. 
შენობის მიმდებარედ გაკეთდება 450 მაყურებელზე გათვლილი ახალი ხელოვნურსაფარიანი 90X60 საფეხბურთო მოედანი, რომელიც ფიფას სტანდარტებს დააკმაყოფილებს. 
     მოედანი სპორტული LED სისტემით განათდება, ასევე მოეწყობა სადრენაჟე სისტემა, გაკეთდება ახალი, 6 მეტრი სიმაღლის ღობე. ობიექტი მთლიანად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის.
            
            



