„მაიამი ჰერალდი“ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება ვენესუელაზე სამხედრო დარტყმის განხორციელების თაობაზე.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელაში ნარკოკარტელების წინააღმდეგ ომი გააძლიერა. საერთაშორისო წყლებში ნარკოტიკების სავარაუდო გადაზიდვების მარშრუტებზე კონტროლის შემდეგ, თეთრმა სახლმა ვენესუელას ტერიტორიაზე დარტყმის განხორციელება გადაწყვიტა, წერს „მაიამი ჰერალდი“.
აშშ-ის სამხედრო ძალებმა ასევე მნიშვნელოვნად გაზარდეს კონტინგენტის ვენესუელას სანაპიროებთან, რათა შეაჩერონ კარაკასის რეჟიმთან დაკავშირებული ნარკოტიკებით ვაჭრობა. უკვე განსაზღვრულია რამდენიმე სამიზნე. ამასობაში, პრეზიდენტი ნიკოლას მადურო, რომელსაც აშშ დიქტატორობაში ადანაშაულებს, სავარაუდოდ, ზომების მიღებას ცდილობს.
„მადურო ხაფანგში წუთი წუთზე შეიძლება გაებას და აღმოაჩინოს, რომ ქვეყნიდან გაქცევას ვერ შეძლებს, მაშინაც კი, თუ გადაწყვეტს. მისთვის კიდევ უფრო უარესი ის არის, რომ ახლა არაერთი გენერალია მზადაა მის დასაჭერად და შეერთებული შტატების ხელისუფლებისთვის გადასაცემად“, - ამბობს წყარო.
თეთრმა სახლმა 50 მილიონ დოლარამდე გაზარდა ჯილდო ინფორმაციისთვის, რომელიც მადუროს დაპატიმრებას შეუწყობს ხელს. „ბლუმბერგის“ რეპორტიორის თქმით, ტრამპმა განაცხადა, რომ მას ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება ვენესუელაზე დარტყმის შესახებ, თუმცა, „ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ უკვე აიღო ტელეფონი, რუსეთს, ჩინეთს და ირანს დაურეკა და ითხოვა სარადარო კომპლექსები, რაკეტები და თვითმფრინავების შეკეთებაში დახმარება. მან ასევე მოუწოდა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს „სამხედრო თანამშრომლობის გაფართოებისკენ“.




