2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა იწყება. ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლია თითოეულ საგანში/საგნებში განსაზღვრული კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის (X-XII კლასები) მოსწავლეს, თუმცა, სურვილის შემთხვევაში, საბაზო საფეხურის ნებისმიერ მოსწავლესაც.
ოლიმპიადისათვის რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია 4 ნოემბრის 10:00 საათიდან 18 ნოემბრის 18:00 საათამდე ამ ბმულის გამოყენებით.
რეგისტრაციის გასავლელად მოსწავლეს დასჭირდება მხოლოდ პირადი თერთმეტნიშნა ნომერი.
დეტალური ინსტრუქცია
ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ყოველ წელს სამ ტურად ატარებს. პირველ ტურს მონაწილეები ელექტრონულად გადიან. მომდევნო ორი ტური კი საგამოცდო ცენტრებში ტარდება.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველ ტურზე რეგისტრირებულ მოსწავლეებს ცენტრი შესაძლებლობას აძლევს ონლაინ რეჟიმში გაიარონ საცდელი ტესტირება. აპლიკანტს საშუალება ექნება ყოველგვარი შეფასების გარეშე ივარჯიშოს და წინასწარ გაეცნოს იმ ელექტრონულ პროგრამას, რომლითაც ჩატარდება ტესტირება. პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. დეტალური ინსტრუქცია გამოქვეყნდება ოლიმპიადის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე.
მეორე ტურში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს ის მონაწილე, რომელიც დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ს ან მეტს და, ამასთან ერთად, მოხვდება საგნის რეიტინგული სიის პირველ 1 000 მოსწავლეს შორის.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ჩატარდება: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ქართულ ენაში (არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვის), მათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში და უცხოურ ენებში (ინგლისური, გერმანული, ფრანგული და რუსული).
მოსწავლეებს, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, რეგისტრაციის დროს უნდა მონიშნონ - „სპეციალური პირობები“ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მის.: თბილისი, ე. მინდელის N9), რეგიონებში კი ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრში 18 ნოემბრის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100).
ტესტირების თარიღისა და დროის თაობაზე ინფორმაცია, ასევე სხვა მნიშვნელოვანი დეტალები გამოქვეყნდება ცენტრის ოფიციალური ვებგვერდზე: www.naec.ge
ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს








