ჩემს ცხოვრებაში მივიღე რთული და ამასთანავე სამართლიანი გადაწყევტილება, დღეს მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო სამსახური, ბევრი ბრძოლა მაქვს გავლილი, არავის პატიმრობა არ მიხარია, თუმცა ვფიქრობ რომ პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არის ყველა იმ ადამიანია შეურაცხყოფა ვინც სამშობლოს ემსახურება. - ამის შესახებ  საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე სოცოალურ ქსელში წერს. 

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი, რომელსაც დღეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძემ  9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, შეიწყალა. 

 შსს-ს მტკიცებით ლაზარე გრიგორიადისმა ცეცხლი წაუკიდა უწყების კუთვნილ ავტომობილს, პოლიციელებს ქვები და "მოლოტოვის კოქტეილები" ესროლა და  2023 წლის 31 მარტს  აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა

1 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახე არ შეუცვალა და პატიმრობაში დატოვა.

2023 წლის 25 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ, ლაზარე გრიგორიადისი, მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრის საქმეზე დამნაშავედ ცნო. 

მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობით გადააკვალიფიცირა და მამის დაჭრაში ბრალდებულს 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

შეგახსენებთ, 2018 წლის 22 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა გერონტი კახეთელიძემ, კახა მაჭავარიანმა და ვეფხია ლომიძემ "ფოტოგრაფების საქმეზე ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტოგრაფები: ნათია გედენიძე, ირაკლი გედენიძე, გიორგი აბდალაძე და ზურაბ ქურციკიძე აღნიშნულ ბრალდებაში გაამართლა.

პროკურატურამ სააპელაცი სასამართლოს დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო, "ჯაშუშობის" ბრალდებით დაკავებული ოთხივე ფოტოგრაფის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შუამდგომლობით მიმართა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 2011 წლის 7 ივლისს ფოტოგრაფები დააკავა, მათ ჯაშუშობაში ადანაშაულებდნენ. დაკავებულები იყვნენ ევროპის პრესფოტოს სააგენტოს ფოტოგრაფი ზურაბ ქურციკიძე, ყოფილი პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, მისი მეუღლე, "პრაიმ ტაიმის" ფოტორეპორტიორი ნათია გედენიძე და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ფოტოგრაფი გია აბდალაძე.

"ნაცმოძრაობის" დროს დაწყებული ე.წ. ფოტოგრაფების საქმე პროკურატურამ 2016 წელს გახსნა.

მთავარი პროკურატურის განცხადებით, ფოტოგრაფები: გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე და ირაკლი გედენიძე "ჯაშუშობის" ბრალდებით დააკავეს. ფოტოგრაფებს ნაცმოძრაობის ხელისუფლება 26 მაისის აქციის დაშლას ედავებოდა.