კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ სამოქალაქო დავა დაიწყო, რომელსაც მის წინააღმდეგ ცრუ და ცილისწამების შემცველი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
„საქმე მაქვს ძებნილი კრიმინალის მიერ დაფუძნებულ, ნაძარცვი ფულით შექმნილ ორგანიზაციასთან, რომელიც ცილისწამებითა და სიცრუის გავრცელებით არის დაკავებული. ეს კლასიკური მაგალითია და ყველაფერი სასამართლოში დადასტურდება. ცილი დამწამეს, თითქოს, 2 000 დოლარის სანაცვლოდ, 2 000 პაკისტანელი არალეგალურად შემოვიყვანე საქართველოს ტერიტორიაზე. ეს ნიშნავს, რომ ამაში, სულ მცირე, ჩართული უნდა ყოფილიყვნენ სუს-ი და სასაზღვრო დაცვის დეპარტამენტი. შესაბამისად, საუბარია ერთობლივ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაზე და უმძიმეს დანაშაულზე. ორივე შემთხვევაში საქმე გვაქვს მძიმე დანაშაულთან. ეს განსაკუთრებით მძიმე ცილისწამებაა, რადგან სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ არის მიმართული. თუ აღმოჩნდება, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მართლაც მონაწილეობდნენ ამ პროცესში, მათი მხრიდან ეს უმძიმესი დანაშაული იქნება. ვფიქრობ, სასამართლო დაადასტურებს, რომ ეს არის ცილისწამებისა და სიცრუის გამავრცელებელი ორგანიზაცია, რომლის უკან დგას საქართველოდან გაქცეული კრიმინალი, რომელმაც ქართული ჯარი გაძარცვა. საერთოდ არ მიმაჩნია, რომ ეს სამოქალაქო საქმეა, სისხლის სამართლის საქმეა, რადგან ან მე მაქვს ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული, ან მათ, ვინც ცილი დაგვწამა მე, სუს-სა და სასაზღვრო დაცვის დეპარტამენტს. ორივე შემთხვევაში, საქმე ეხება სისხლის სამართლის დანაშაულს. ამიტომ ვეცდები, ამ საქმემ გაგრძელება ჰპოვოს სისხლის სამართლის მიმართულებით და არა სამოქალაქო დავის ფარგლებში“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
ამასთან, მოპასუხე მხარის, ტელეკომპანია „ფორმულას“ იურისტის განცხადებით, ისინი ხაინდრავას სარჩელს არ ეთანხმებიან.
საქალაქო სასამართლოში დღევანდელი პროცესი გადაიდო და საქმის განხილვა პირველი ივლისიდან გაგრძელდება.









