თბილისის მერია, კრწანისის რაიონის გამგეობის განცხადებას ავრცელებს.
"გაცნობებთ, რომ კრწანისის რაიონის გამგეობას დაუკავშირდა მოქალაქე ი.ნ, რომელმაც გამოთქვა შეშფოთება გამგეობის სახელით წარმოებული ვიდეოგადაღების გამო, რაც მისი თანხმობის გარეშე განხორციელდა.
როგორც გადამოწმების შედეგად გაირკვა, ტელეფონის ნომერი, რომლითაც მოქალაქეს გამგეობის სახელით დაუკავშირდნენ (მოგვიანებით კი სახლში ესტუმრნენ), ეკუთვნის ტვ „პირველის“ გადაცემის - „ნოდარ მელაძის შაბათი“ ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს. ჟურნალისტი მოტყუებით, კრწანისის რაიონის გამგეობის სახელის გამოყენებით, სთხოვდა მოქალაქეს კამერის წინ აღენიშნა, რომ გამგეობის მიერ გაწეული რიგითი დახმარების სანაცვლოდ მან და ოჯახის სხვა წევრებმა არჩევნებში ხმა მისცეს პარტია „ქართულ ოცნებას“.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ კრწანისის რაიონის გამგეობა არ ყოფს მოქალაქეებს პოლიტიკური თუ სხვა ნიშნით. გამგეობის ყველა სერვისი თანაბრად ემსახურება ნებისმიერს, განურჩევლად მისი პოლიტიკური შეხედულებისა. ამასთან, დაუშვებლად მიგვაჩნია გამგეობის სახელის გამოყენება, რაც არის საზოგადოების დეზინფორმირების და უწყების დისკრედიტაციის მცდელობა.
სამწუხაროა, რომ მედიასაშუალება, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სწორად ინფორმირებას, დაკავებულია „ფეიკ ნიუსებით“ და შანტაჟით.
მოვუწოდებთ მოქალაქეებს, მსგავსი ფაქტის არსებობის შემთხვევაში, აუცილებლად მოგვაწოდონ ინფორმაცია შემდგომი სამართლებრივი რეაგირებისთვის." - ნათქვამია კრწანისის გამგეობის განცხადებაში, რომელსაც თბილისის მერია ავრცელებს.