ამის შესახებ ინფორმაციას აფრიკული მედია ავრცელებს.

ეკვატორული გვინეის მთავრობამ გამოაცხადა, რომ დაიწყებს სასამართლო პროცესს ეროვნული ფინანსური გამოძიების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, ბალთაზარ ენგონგას წინააღმდეგ, სექსუალური ვიდეოების სკანდალის გამო, რომელმაც აღშფოთება და შეშფოთება გამოიწვია მთელ ქვეყანაში.

ვიდეოები, რომლებზედაც ასახულია საკუთარ კაბინეტსა და სხვა სამთავრობო დაწესებულებებში ენგონგას სექსი მინისტრების (სულ, 20 მინისტრის) ცოლებთან და ნათესავებთან, აგრეთვე პოლიციის უფროსის ცოლთან, პრეზიდენტის დასთან, სხვა მაღალი თანამდებობის პირების ცოლებთან და თავის რძალთან, შემთხვევით აღმოაჩინეს მას შემდეგ, რაც ფინანსებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიებისას მისი სახლი მოულოდნელად გაჩხრიკეს. ვიდეოები ქსელში ვირუსულად გავრცელდა და პრეზიდენტმა 54 წლის ენგონგა თანამდებობიდან გაათავისუფლა.   

ინფორმაციის მინისტრმა ჯერონიმო ოსა ოსამ დაგმო ენგონგას ქმედებები და შეაფასა როგორც „ეკვატორული გვინეის კეთილშობილური საზოგადოების ეთიკური და მორალური ღირებულებების დარღვევა“.

გავრცელებული ინფორმაციით, ბევრი ვიდეო ჩაწერილი იყო თანხმობის გარეშე, რამაც გამოიწვია კითხვები კონფიდენციალურობის დარღვევის შესახებ.

მთავრობის განცხადებით, მსგავსი დანაშაულების თავიდან ასაცილებლად სამთავრობო დაწესებულებებში სათვალთვალო კამერები დამონტაჟდება, ვიცე-პრეზიდენტ  თეოდორო მანგეს თქმით კი, ნებისმიერი თანამდებობის პირი, რომელიც სამთავრობო შენობებში ჩადენილ ასეთ საქციელში იქნება მხილებული, მკაცრად დაისჯება.

ფრანგული ონლაინ ბლოგი Afrikmatin-ის ცნობით, ენგონგა სამსახურიდან ოფიციალურად 6 ნოემბერს დაითხოვეს, მომდევნო დღეებში კი მას ხელბორკილები დაადეს და მალაბოს ცენტრალურ ციხეში გადაიყვანეს.