ამის შესახებ ინფორმაციას არგენტინის მედია ავრცელებს

ბაქოს სამიტის მესამე დღეს, ამ შეხვედრის მოლაპარაკებების დაწყების ერთ-ერთ საკვანძო მომენტში, არგენტინის პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ მოულოდნელად მიიღო გადაწყვეტილება, გაეყვანა თავისი მომლაპარაკებლები ამ სამიტის ყველა სამუშაო სესიიდან. ეს სიახლე, რომელსაც ავრცელებენ Clarín და Climatica, ბაქოს კლიმატის სამიტის დიდ მარცხს წარმოადგენს იმის გათვალისწინებით, რომ ეს ხდება იმ დროს, როდესაც ყველა ვარაუდობს, მსოფლიოს მეორე ყველაზე დაბინძურებულ ქვეყნის ხელისუფლების სათავეში ტრამპის მოსვლის გამო კლიმატის ცვლილებასთან გლობალური მასშტაბით ბრძოლის გართულებას, - წერს elperiodico.

არგენტინის ულტრამემარჯვენე ლიდერმა, ეკონომისტმა-ლიბერტარიანელმა მილეიმ ადრე თქვა, რომ კლიმატის კრიზისი - „სოციალისტური სიცრუეა". ის გასულ წელს, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან გასვლით იმუქრებოდა, თუმცა შემდეგ უკან დაიხია. რამდენიმე არგენტინული მედიის ცნობით, მილეის ამ შეხვედრაზე თავისი დიპლომატების გაგზავნა თავიდანვე არ სურდა. მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, სამიტის პირველ დღეებში ბაქოს სამიტზე არგენტინელი მომლაპარაკებლების „მცირერიცხოვანი დელეგაცია“ გამოჩნდა.

ჯერ კიდევ არ გამჟღავნებული მიზეზების გამო მილეიმ დიპლომატიური შეხვერდრების შეჩერების შესახებ უბრძანა, მცირე ხნის შემდეგ კი განაცხადა, რომ ოთხშაბათს ჰქონდა საუბარი ტრამპთან.

აღსანიშნავია, რომ არგენტინის დელეგაციის მიერ კონფერენციის დატოვებამდე, სამიტის მიმართ თავისი იმედგაცრუება გამოხატა ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ:

„მე გადავწყვიტე, ჩემი კარგად მომზადებული სიტყვა გვერდზე გადამედო, რადგან ვუყურებ დადუმებულ ტელეეკრანებს ლიდერების „ლაუნჯში“, სადაც ორგანიზატორებმა გააზრებულად დაამატეს მწვანე მცენარეები კომფორტული სავარძლების გვერდით. იქ ადამიანები ჭამენ, სვამენ, ერთმანეთს ხვდებიან, იღებენ ფოტოებს, ამასობაში კი ფონად ტრიალებს სხვა ლიდერების უხმო გამოსვლები. ჩემი აზრით, ეს ჰგავს ზუსტად იმას, რაც რეალურ მსოფლიოში ყოველდღიურად ხდება. ცხოვრება მიდის ძველი ჩვევებით და ჩვენი კარგი სიტყვები კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლაზე არაფერს ცვლის. მეტიც, როგორც გუშინ გაეროს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ნახშირბადის ემისია წინა კლიმატური სამიტიდან ამ სამიტამდე კიდევ უფრო გაიზარდა“ 

„მე შორს ვარ იმისგან, რომ ვინმეს ჭკუა ვასწავლო. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ ჭკუას ჩვენ გვასწავლიან და არა ჩვენ – სხვებს, თუმცა მინდა, ვთქვა შემდეგი: რა ჯანდაბას ვაკეთებთ ამ შეკრებაზე კვლავ და კვლავ, თუკი ჰორიზონტზე არ ჩანს საერთო პოლიტიკური ნება, სიტყვების გარდა, რომ გავერთიანდეთ მნიშვნელოვანი ქმედებებისთვის? და ამ ყველაფერთან ერთად, ზოგიერთი მსხვილი და პატარა მოთამაშეები საერთოდ ბოიკოტს უცხადებენ ამ ყოველწლიურ გლობალურ ღონისძიებას. რას ნიშნავს ეს?“