გლდანის რაიონის გამგეობამ მუხიანის აგარაკებზე სამეგრელოს ქუჩის მოწესრიგება დაასრულა. ამის შესახებ  თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით,  თბილისში არსებული პრობლემური ქუჩები, აღნიშნული ქუჩის მსგავსად, ეტაპობრივად მოწესრიგდება.

„სამეგრელოს ქუჩაზე სანიაღვრე სისტემასთან ერთად, 1 200 გრძივი მეტრი წყალარინების ქსელი მოეწყო და 5 100 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. მუხიანის აგარაკები ერთ-ერთი რთული არეალი იყო, სადაც არაფერი არსებობდა, მათ შორის, არც მიწისქვეშა კომუნიკაციები. უბრალოდ გავლა იყო შეუძლებელი, განსაკუთრებით წვიმიან ამინდებში. ცენტრალურ ქუჩაზე მოეწყო საკანალიზაციო და სადრენაჟე სისტემები. ყველაფერი, რაც მიწისქვეშა კომუნიკაციების თვალსაზრისით იყო  საჭირო, სრულად მოწესრიგდა. თბილისში პრობლემური ქუჩები ბევრია და ვცდილობთ, კონკრეტული არეალები ყოველწლიურად მოვაწესრიგოთ თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით. მუხიანის აგარაკებს რაც შეეხება, მომავალ წელსაც დაგეგმილი გვაქვს რამდენიმე ქუჩის მოწესრიგება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, მისივე თქმით, მსგავსი პრობლემა აწუხებს სოფელი დიღმის მოსახლეობასაც.

„იგივე პრობლემა აქვს სოფელ დიღმის მოსახლეობას მიწისქვეშა კომუნიკაციების არ არსებობის გამო. ეტაპობრივად, აღნიშნული ტერიტორიაც უნდა მოწესრიგდეს. ქალაქში მსგავსი პრობლემები არ უნდა არსებობდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.