პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO.Georgia“ ფარგლებში მმართველი საბჭოს შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მიმდინარე წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში მიღწეული პროგრესი, პროექტის რესტრუქტურიზაციის შედეგები და არსებული გამოწვევები განიხილეს.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი წკრიალაშვილი, ტყის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კარლო ამირგულაშვილი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საქართველოს ოფისის დირექტორი დენიელ ბუშე, გერმანიის საელჩოს განვითარების სფეროში თანამშრომლობის ხელმძღვანელი საქართველოსა და აზერბაიჯანში ანა მარია-შნაიდერი, პროექტის დირექტორი როზმარი მეტცი, ასევე პროექტის განმახორციელებელი უწყებებისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„პროექტის რესტრუქტურიზაციის შედეგად მიღწეული ცვლილებები და ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ ტყის აღსადგენი ფართობის გაზრდა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. აღნიშნული შედეგები სრულად შეესაბამება ჩვენს პრიორიტეტებს და ემსახურება ტყის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ტყის მდგრადი მართვის განვითარებას. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებები პასუხობდეს ქვეყნის სატყეო სექტორში არსებულ საჭიროებებს და ხელს უწყობდეს გრძელვადიანი მიზნების მიღწევას“, - განაცხადა გიორგი წკრიალაშვილმა.

პროექტის მმართველი საბჭო წარმოადგენს სტრატეგიული ზედამხედველობისა და კოორდინაციის მექანიზმს, რომლის შემადგენლობაში შედიან განმახორციელებელი სამთავრობო უწყებების, ადგილობრივი ხელისუფლების, დამფინანსებელი ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების, GIZ-ისა და KfW-ის წარმომადგენლები. საბჭო უზრუნველყოფს პროექტის მიზნების შესრულების მონიტორინგსა და მის ზოგად სტრატეგიულ ხელმძღვანელობას.
პროექტის „ECO.Georgia“ მიზანია საქართველოში ტყის მდგრადი მართვის სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა. ინიციატივა მოიცავს გურიის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონების რვა მუნიციპალიტეტს - ახმეტას, თელავს, დედოფლისწყაროს, ყვარელს, თიანეთს, ლანჩხუთს, ოზურგეთსა და ჩოხატაურს.
პროექტი რვაწლიანია და 2021-2029 წლებში ხორციელდება.