მიუხედავად იმისა, როგორი სასტიკიც იყო მიხეილ სააკაშვილი და როგორი გამწარებულიც ჰყავდა მთელი ქვეყანა, ეს გამწარებული ხალხი ქუჩაში რომ გამოდიოდა, არავის თავში აზრად არ მოსვლია, პოლიციელებისთვის ასაფეთქებელი მასალები და „მოლოტოვის კოქტეილები“ სახეში ესროლა, ადამიანები ცოცხლად დაეწვა და არც შენობების დაწვა-დალეწვა მოსვლია ვინმეს აზრად, არც ცეცხლის გაჩენა, არც ხანძრის გაჩენა და არავის შვილებთან არასდროს არ მივვარდნილვართ, – ამის შესახებ ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„15 ივნისი არის ამის ყველაზე ისეთი ტრაგიკული მაგალითი, ჩემი აზრით. სამწუხაროდ, ბევრი თარიღი იყო, მაგრამ 2009 წლის 15 ივნისი იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე დღე, ყველაზე მოუშუშებელი და ეს დღე დღემდე ვერ მომინელებია. არა მხოლოდ მე, არამედ ჩემი მეგობრებიც უმძიმეს მდგომარეობაში ჩაგვყარეს მაშინ, სადაც საშინელი სისსტიკე გამოიჩინეს. თან, აქციის მიზანი იყო, არათუ რამე დაგვეზიანებინა, არამედ მივედით იმიტომ, რომ ჩავბარებულიყავით. მანამდე ჩემი და ჩემი მეგობრების სახლებთან დაიწყეს ჩასაფრებების მოწყობა, იქ საშინელი ცემა და დაკავება-დაპატიმრება. ვინც შეძლეს, ვიღაცები დააკავეს. მათი ხელწერა იყო ეს, რომ ვითომ გაკავებდნენ, ერთ ადამიანს დაესეოდა 50 კაცი და საშინლად სცემდა. ეს რომ ვიცოდით და თან, ვინც გადავრჩით, რომ ვერ დაგვაკავეს, მე, მიშა მესხი და კიდევ სხვა მეგობრები, ახალგაზრდებმა გადავწყვიტეთ, მივსულიყავით სამმართველოსთან და გვეთქვა, ვისი დაკავება გინდათ, აქ ვართ, ჩვენი ფეხით ჩაგბარდებით-თქო. უბრალოდ, სიას ვკითხულობდით. კადრები, რაც არის გადარჩენილი, ზუსტად ეგ ჩანს, რომ სიას ვკითხულობთ და ჩვენი ანკეტები გვქონდა მიტანილი. ასეთი არაძალადობრივი და მშვიდობიანი აქცია იყო და არავის არაფერი ცუდი განზრახვა არ ჰქონია გულში. ჩვენ არც კი ველოდით, რომ ასეთ მშვიდობიან აქციაზე ვინმეს ასეთი საშინელება შეიძლებოდა ჩაედინა, მაგრამ უპრეცედენტოდ ბევრი ადამიანი, ზოგი პოლიციელის ფორმაში, ზოგი ნახევრად ფორმით, კეპით და ზოგიც საერთოდ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული კუნთმაგარი ხალხი ვნახეთ, რომ ბევრი იყო გარშემო. მიუხედავად იმისა, რომ ისეთი რაოდენობა ვიყავით, თავისუფლად შეგვეძლო, ქუჩა ჩაგვეკეტა, შეგნებულად დავდექით ტროტუარზე და იმ გადარჩენილ კადრში, რომელიც ანა გოჩოშვილმა გადაარჩინა, „აი ტვ“-ს წარმომადგენელი რომ იყო მაშინ, იქაც ჩანს, რომ მანქანები თავისუფლად მოძრაობენ აქციის პერიოდში. უეცრად გამოცვივდნენ. ამათ უნდოდათ, ინსცენირება გაეკეთებინათ. ყველა სხვა გზა იყო ჩაკეტილი, სამმართველოს შენობის შესასვლელში გასაგორებელი დიდი ჭიშკარია და ის დატოვეს ღია, რომ ესენი რომ მოგვაწვებოდნენ, იქნებ შევვარდნილიყავით შიგნით, სადაც კამერებით იდგნენ, რომ გადაეღოთ, აი, როგორ შევიჭერით. რომ წამოვიდნენ, ესენი, იქ თავის ფეხით ვინ შევარდებოდა, ხომ? მივხვდით ჩვენ და პირიქით, იქით მხარეს წავედით, რომ იქნებ მეორე მხარეს გადაგვერჩინა თავი და სადმე გავმძვრალიყავით, რადგან საშინელი აგრესიით წამოვიდნენ. იქ დაიწყო ენით აღუწერელი სისასტიკე“, – განაცხადა ცაგურიამ.