„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე დაჩი ცაგურიას მოუსმინეს, რომელმაც ისაუბრა იმის შესახებ, როცა 2009 წლის 15 ივნისის მოვლენების შემდეგ, პოლიციის სამმართველოსთან როგორ გაუსწორდნენ დედამისს ფიზიკურად.
დაჩი ცაგურიას თქმით, დედამისმა მაშინ ცემის შედეგად მძიმე ტვინის შერყევა მიიღო და სავადმყოფოში იწვა.
„მე რომ დამიჭირეს და მცემეს, თურმე შენობიდან გამოსულან გარეთ და იქ არ დაუნდიათ არავინ, ყველა სასტიკად უცემიათ. რაღაც ჯგუფი გამოვიდა ნიღბებით და ცაგურიას დედა რომელიაო. დედაჩემს უფიქრია, რადგან დამიჭირეს, პირსახოცი და კბილის ჯაგრისი მოიტანეთ, ან რაღაც ასეთს მეტყვიანო და უთქვამს, მე ვარო. ერთ-ერთს, ვისაც ნიღაბი ეკეთა, უთქვამს, ეს არისო და დედაჩემს სასიკვდილოდ სცემეს, ძირს დააგდეს, ხელკეტები ურტყეს და შემდეგ თურმე მძიმე ტვინის შერყევით დედაჩემი დიღომში, საავადმყოფოში იწვა. ეგ ამბავი რომ გავიგე, იმის მერე დედაჩემისთვის თვალებში აღარ ჩამიხედავს, ვერ ვუყურებ დედაჩემს თვალებში“, – განაცხადა დაჩი ცაგურიამ.