რამდენიმე საათის წინ, აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედნიდან საქართველოს პირველი არხის შენობასთან გადმოინაცვლეს და პირდაპირი ეთერი მოითხოვეს.
როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, ხელისუფლებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს აძლევენ ორ საათს აქციის დროს დაკავებული პირების გასათავისუფლებლად.
„ახლა ჩვენი გზავნილი არის ერთადერთი, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ჩვენი თანამებრძოლები, რომლებიც უკანონოდ, ძალით ჩატენეს მანქანებში და დაიჭირეს. ეს ახალგაზრდები პოლიციისა და ხელისუფლებისგან ასეთ მოქცევას არ იმსახურებენ. ეს ახალგაზრდები არ იმსახურებენ ცემას, რეზინის ტყვიებს, რომლითაც გუშინ გაუსწორდნენ რობოკოპები და სპეცრაზმი. ეს ახალგაზრდები პიკეტირებას, ქუჩების გადაკეტვას ახდენენ, რათა მთელ მსოფლიოს გააგონონ, რომ საქართველო და ქართველი ერი იქნება ყოველთვის ევროპული ღირებულებების სადარაჯოზე და არასდროს დაუჭერს მხარს არც რუსული კანონის მიღებას და არც რუსეთუმე მთავრობას.
მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ჩვენი თანამებრძოლები, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მოძრაობები არ გაჩერდება და მივმართავთ უკიდურეს ზომებს. ასე არ შეიძლება, გაგრძელდეს, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს უკანონო დაჭერები, თავზე გასვლები. ვითხოვთ, რაც შეიძლება მალე გაათავისუფლონ ახალგაზრდები. ახალგაზრდებს ველოდებით გმირთა მოედანზე, საიდანაც წაიყვანეს. ვაძლევთ დროს, გონივრულ ვადას ახალგაზრდების გასათავისუფლებლად. მათ აქვთ, მაქსიმუმ, ორი საათი, რომ ეს ახალგაზრდები იყვნენ აქ, ქუჩაში, ჩვენთან ერთად. ორ საათს ვაძლევთ ვაჟა სირაძეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გომელაურს და პირადად ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ აქ ვართ გამწარებული, განრისხებული ახალგაზრდები, გამწარებული ამ ხელისუფლებისგან, მაგრამ არა დაჩაგრულები. არავის ეგონოს, რომ დაჩაგრული ვართ. ვითხოვთ, გაათავისუფლონ და ამისთვის, მაქსიმუმ, ორი საათი არის სრულიად საკმარისი. ეს ადამიანები უკანონოდ არიან დაკავებული“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ცნობისთვის, ამ დროისთვის საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე საავტომობილო გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს. ასევე, გადაკეტეს თამარ მეფის ხიდზე გადასასვლელ მონაკვეთზე და კოსტავას ქუჩიდან ჩამომავალ გზაზე საავტომობილო მოძრაობა.
გუშინ პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან დაანონსებული აქცია მოჰყვა, რომელიც რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. დღევანდელ აქციაზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა სამშენებლო ღობეები მოხსნეს და ცეცხლი წაუკიდეს
საქართველოს პრეზიდენტმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა: დაანებეთ თავი პარლამენტის კარებს, იქ არაფერი ხდება, ჩვენი ბრძოლა გადის არჩევნებზე
ასევე, სახალხო დამცველმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: ამ ეტაპზე პარლამენტის შენობაში შეწყვეტილია საკანონმდებლო პროცესი - მნიშვნელოვანია აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები არ გაცდნენ საქართველოს კონსტიტუციით დაცული მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს
შსს-ს განცხადებით, პარლამენტის შენობასთან გუშინ გამართულ აქციაზე 63 პირი დააკავეს - დაშავდა 6 სამართალდამცველი
საკანონმდებლო ორგანოსთან, 30 აპრილის აქციაზე სამართალდამცველებთან დაპირისპირების დროს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილს ფიზიკური დაზიანება მიაყენეს.
ასევე, აქციაზე დაპირისპირების დროს მსუბუქი დაზიანებები მიიღო მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძეს, რომელიც ასევე, ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული.
ასევე, შსს- ს განცხადებით, აქცია სრულად გასცდა მანიფესტაციის ფარგლებს, გახდა ძალადობრივი, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, შსს იწყებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებას
რუსთაველზე მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს
ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. - ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ
საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის თქმით, კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ, შესაძლოა, შემოიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ არსებობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღო
2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც, საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება.