რუსთაველის გამზირიდან აქციის მონაწილეები გმირთა მოედნის მიმართულებით მსვლელობით გადაინაცვლებენ.
ამის შესახებ აქციაზე ლევან ცუცქირიძემ განაცხადა. მისივე თქმით, მსვლელობა იქნება არაძალადობრივი.
„ვიდრე ჩვენს ამოცანას არ მივაღწევთ, არცერთი დღე არ ჩაივლის წინააღმდეგობისა და ბრძოლის გარეშე. ამ ბრძოლას ექნება სხვადასხვა ფორმა, ლოკაცია, სხვადასხვა ადგილი. მინდა, დაიმახსოვროთ თარიღი, 11 მაისს მოვაწყოთ ძალიან დიდი მანიფესტაცია ყველამ ერთად, მშვიდობიანი, ძლიერი, თავდაჯერებული მანიფესტაცია, ჩაინიშნეთ კალენდრებში. შეიძლება, ვიღაცას იცნობთ, რომელიც არ მოდის ხოლმე აქ. 11 მაისამდე ყველამ ავიღოთ დავალება, რომ ადამიანები, რომლებიც აქ ჯერ კიდევ არ ყოფილან, მოვიყვანოთ ჩვენთან ერთად.
გმირთა მოედანზე გაუშვეს გაზი, აკავებენ ჩვენს თანამოაზრეებს. მშვიდობიანი, არაძალადობრივი, კონსტიტუციური მსვლელობით ჩავიაროთ გმირთა მოედანზე“, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.
გმირთა მოედნის მიმართულებით მსვლელობას მიუძღვებიან მათ შორის „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და სოფო ჯაფარიძე.