ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის მედია ავრცელებს.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე და მისი ოფიციალური სტუმარი, აზერბაიჯანის მეცნიერებისა და განათლების მინისტრი ემინ ამრულაევი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვივნენ. ვიზიტის დროს მხარეებმა უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში თანამშრომლობის გაღრმავება განიხილეს, - წერს აზერბაიჯანის მედია.

უნივერსიტეტის რექტორმა და აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია საერთაშორისო პროექტების, სამეცნიერო და აკადემიური მიღწევების, ასევე უნივერსიტეტის მეცნიერების მიმდინარე კვლევების შესახებ. მან ასევე ისაუბრა უნივერსიტეტის მეცნიერებისა და სტუდენტების წარმატებულ მონაწილეობაზე მსხვილ გლობალურ სამეცნიერო ექსპერიმენტებში.

ორივე ქვეყნის მინისტრებმა და მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს სამეცნიერო პროექტების გამოფენა და შეხვდნენ ქართველ და აზერბაიჯანელ სტუდენტებს, რომლებმაც წარმოადგინეს რობოტიკაზე, ხელოვნურ ინტელექტსა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ინოვაციური პროექტები.

მოგვიანებით, დავით გურგენიძემ აზერბაიჯანის მეცნიერებისა და განათლების მინისტრს ემინ ამრულაევს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა უნივერსიტეტსა და აზერბაიჯანის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკადემიური და სამეცნიერო კავშირების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.