როგორც ოჯახის წევრს, ძალიან მიხარია მურთაზ ზოდელავას გადაწყვეტილება. მიმაჩნია, რომ ყველა პატიმარმა უნდა დატოვოს ციხე რაც შეიძლება მალე. დღევანდელი დღე თუ ვინმესთვის გახდება ამის გზა და შესაძლებლობა, მხოლოდ ბედნიერი ვიქნები, – ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულის, მურთაზ ზოდელავას მეუღლემ, მაია მუმლაძემ განაცხადა იმასთან დაკავშირებით, რომ ზოდელავას საპროცესო შეთანხმება უფორმდება.
მაია მუმლაძის თქმით, მართალი ადამიანები რაც შეიძლება მალე უნდა იყვნენ თავისუფლებაზე.
„რაც მთავარია, ეს ადამიანები არიან მართლები“, – აღნიშნა მაია მუმლაძემ.
რაც შეეხება განცხადებებს მურთაზ ზოდელავასთან დაკავშირებით, რომ ორგანიზატორები არ უნდა გამოვიდნენ, ვიდრე აქციის მონაწილეები საპატიმროში არიან, მაია მუმლაძის თქმით, თავს შეიკავებს კომენტარისგან, „გულდაწყვეტილია თუ არა ამ თემასთან დაკავშირებით“.
„მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა და რაც შეიძლება მალე უნდა დატოვონ პატიმრებმა საპატიმრო დაწესებულებები, ეს არის ჩემი პოზიცია. როდესაც დატოვებს საპატიმროს, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გააკეთებს საკუთარ პოზიციებთან დაკავშირებით განმარტებებს. გამიხარდება, თუ ეს იქნება ვინმესთვის გზა თუ შესაძლებლობა, როგორც ოჯახის წევრი ისე ვაკეთებ ამ შეფასებას. ძალიან მიხარია მისი გადაწყვეტილება. თავის გადაწყვეტილებაზე თვითონ მოგახსენებთ, როდესაც დატოვებს საპატიმროს. ეს საპროცესო გაფორმდა საყოველთაო შეთავაზების ფარგლებში, რაც ჩვენ, ყველამ ერთად მოვისმინეთ, მათ შორის, ტელევიზიით. ამის ფარგლებში გაფორმდა მხოლოდ და მხოლოდ. მიმაჩნია, რომ ეს შესაძლებლობა ნამდვილად არსებობს ახლა და ვინმეს თუ ექნება სურვილი და გადაწყვეტს ამ ნაბიჯის გადადგმას, ალბათ დატოვებენ საპატიმროს. მურთაზმა პირველ პროცესზე ნამდვილად დაადასტურა, რომ არავის მიტოვებას არც აპირებდა და არ ვთვლი, რომ ეს ასეა დღეს. მან თავისი პოზიციაც, გადაწყვეტილებაც, ვაჟკაცობაც ნამდვილად დაადასტურა ამ პროცესების განმავლობაში. ნამდვილად გაეცემა ყველა კითხვას პასუხი, როდესაც თვითონაც გამოვა“, – განაცხადა მურთაზ ზოდელავას მეუღლემ.
მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს და 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ კიდევ ორ პირს საპროცესო შეთანხმება ორი კვირის ვადაში გაუფორმდებათ. მათი საქმე სასამართლომ ცალკე წარმოებად გამოყო. საპროცესო შეთანხმების პირობების მიხედვით, მათ ერთი წელი და ერთი თვე – პატიმრობა, ხოლო ორი წელი პირობითი მსჯავრი შეეფარდებათ. შესაბამისად, მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპატიმრო დაწესებულებას რამდენიმე კვირაში, 5 ნოემბერს დატოვებენ.
მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ საპროცესო შეთანხმების გაფორმების სურვილი თავად გამოთქვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძეს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.








