საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2022 წლის 9 თვის ანგარიშის წარდგენისას სისხლის სამართლის დანაშაულების იმ მიმართულებებზე ისაუბრა, სადაც უმკაცრესი სისხლის სამართლის პოლიტიკა ხორციელდება.

„კონკრეტული დანაშაულების მიმართ მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა განპირობებულია იმით, რომ საზოგადოებისთვის მძიმე და გამოუსწორებელი შედეგის მომტანია. ასევე, ხშირია რეციდივის შემთხვევები და მხოლოდ მკაცრი ზომებით არის შესაძლებელი მსგავსი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა“ - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

გენერალური პროკურორის თქმით, ასეთ დანაშაულებს მიეკუთვნება სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, ყაჩაღობა, გამოძალვა, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, მექრთამეობა, ორგანიზებული დანაშაული - კანონიერი ქურდობა და ქურდული სამყაროს წევრობა, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია, ტრანსნაციონალური თაღლითური დანაშაულები და სხვა.

ასევე, ირაკლი შოთაძის განცხადებით, არის მიმართულებები, სადაც მსუბუქი სისხლის სამართლის პოლიტიკა ხორციელდება, რაც გამოიხატება განრიდება-მედიაციისა და არასაპატიმრო სასჯელების გამოყენებაში. ეს ის შემთხვევებია, როდესაც დანაშაული არ ხასიათდება საზოგადოებრივი საშიშროებით, მის შედეგად გამოწვეული ზიანი არის მსუბუქი და არის ანაზღაურებადი, ან ზიანი საერთოდ სახეზე არაა, აგრეთვე, როდესაც დამნაშავეების გამოსწორების მაღალი ალბათობა არსებობს, ან/და სახეზეა გაუფრთხილებელი ან ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული. მაგალითად, არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულები, რა დროსაც პროკურატურა უპირატესად განრიდებას იყენებს; ასევე, ფინანსური ან/და საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, სადაც ზიანი ანაზღაურებულია.

"რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში დამნაშავის პიროვნებას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება გადაწყვეტილების მიღებისას და მხედველობაში მიიღება ყველა პიროვნული მახასიათებელი" - აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა.

ირაკლი შოთაძის თქმით, ასევე ცალკე მნიშვნელოვანი ფაქტორია დამნაშავის გამოძიებასთან თანამშრომლობა, რადგან ღირებული თანამშრომლობის შემთხვევაში, ბრალდებულს მიუხედავად ბრალდების სიმძიმისა პროკურატურა პრაქტიკაში მნიშვნელოვან შეღავათებს სთავაზობს.

"ასევე, დაზარალებულის არსებობის შემთხვევაში, მისი პოზიცია და მისთვის დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებაა. დაზარალებულის კმაყოფილება პროკურატურის მთავარი პრიორიტეტია, ვინაიდან დაზარალებული აღარ არის პროცესის მხარე და ფაქტობრივად ბრალდების მხარე არის მისი ინტერესების დამცველი და გამომხატველი სამართალწარმოების მიმდინარეობისას. ამდენად, არცერთი პროცესუალური გადაწყვეტილება არ მიიღება დაზარალებულთან წინასწარი კონსულტაციისა გარეშე" - აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პროკურატურის საქმიანობის 2022 წლის 9 თვის ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობს. ანგარიშში ასახულია უწყების საქმიანობის სტატისტიკური და ანალიტიკური მიმოხილვა, განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა და სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები, ასევე უწყების სამომავლო გეგმები.