“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "აიპრესი" უცვლელად გთავაზობთ. 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" საგანგაშოდ მიიჩნევს  დედაქალაქის მერისა და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძისა და საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის სიძის, დავით ფაცაციას მიერ „ტელეკომპანია პირველის“ წინააღმდეგ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესის დაწყების მოთხოვნას, რასაც, შესაძლოა, ტელევიზიის კუთვნილი ანგარიშების დაყადაღება მოჰყვეს.

კახა კალაძის სარჩელზე სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება დაახლოებით ერთი წლის, დავით ფაცაციას სარჩელზე კი - ოთხი თვის წინ მიიღო. აღსრულების დაწყების მოთხოვნები დროში ემთხვევა ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან საპარლამენტო არჩევნებს, რა დროსაც კრიტიკული მედიის ფუნქციონირება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. 


ეს არ არის საქართველოში კრიტიკული და  დამოუკიდებელი მედიის მსგავსი დევნის პირველი შემთხვევა. 
ბოლო წლების განმავლობაში, მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ საჯარო ჩართულობის წინააღმდეგ სტრატეგიული (ე.წ. SLAPP) სარჩელების გააქტიურება და მათთან დაკავშირებული სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების მოთხოვნა ხელისუფლების და მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან, ქვეყანაში, სადაც  სასამართლო მიტაცებულია და მოსამართლეთა კლანის ხელშია, დამოუკიდებელ მედიაზე კოორდინირებული შეტევების, მათი დაშინებისა და ფინანსური დასუსტების მკაფიო ილუსტრირებას წარმოადგენს. 

აღნიშნულ ფაქტებს ემატება ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორებისა და დაშინების გამოუძიებელი შემთხვევები და რუსული კანონის მიღებაც, რაც ერთობლიობაში სახელისუფლებო შტოების მხრიდან მედიის დაშინების გზით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვის საგანგაშო ფაქტს წარმოადგენს. 
ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია საპარლამენტო არჩევნების წინ, აღნიშნული ქმედებები მიუთითებს იმაზე, რომ მმართველი პარტია საფრთხედ აღიქვამს კრიტიკული მედიის ფუნქციონირებას. იგი გააგრძელებს სხვადასხვა ხელოვნური, მათ შორის, ფინანსური ბარიერების შექმნის გზით, ხელი შეუშალოს მათ გამართულ ფუნქციონირებას. ყოველივე კი, კიდევ უფრო დაამძიმებს ჟურნალისტებისთვის ისედაც უკვე დაძაბულ გარემოს და გაართულებს მათ საქმიანობას, რაც საბოლოო ჯამში, გავლენას მოახდენს საარჩევნო გარემოს შეფასებაზე." - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.