„ჩემს პირად საქმეზე მივდივარ, არა, რა ტერორიზმი, რას ლაპარაკობთ. პირად საქმეზე შევდივარ“, - განუცხადა სუს-ის შენობაში, გამოკითხვაზე შესვლის წინ ჟურნალისტებს ბიზნესმენმა ელიზბარ რაქვიაშვილმა.

შენობის დატოვების შემდეგ კი,  ბიზნესმენმა ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა და კატეგორიულად გამორიცხა, რომ ის გამოკითხვაზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე იმყოფებოდა, რაც ტერორისტული აქტის მომზადებასა და ხელისუფლების დამხობას გულისხმობს. მისი განცხადებით, უწყებაში პირადი საქმის გამო იმყოფებოდა.

სუსმა გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც დაადასტურა, რომ იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.