შუახევის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული - "მარეთობა" იზეიმეს. მაღალმთიანეთის მცხოვრებლებსა და მათ სტუმრებს ტრადიციული დღესასწაული აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - ცოტნე ანანიძემ, ზურაბ პატარაძემ, შუახევის დელეგატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში - ფრიდონ ფუტკარაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მიულოცეს.
სახალხო ზეიმი, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, გამონათლევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში წირვა-ლოცვით დაიწყო. ლიტურგიის დასრულების შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ფრიდონ ქარცივაძის სახელობის სკვერში ყვავილებით შეამკეს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი.
„მარეთობა“ ამ ისტორიული ხეობის ნამდვილი სახალხო დღესასწაული, კიდევ ერთხელ გვიჩვენებს თუ როგორი უნდა იყოს საქართველო, ქვეყანა, სადაც აფასებენ ტრადიციებს, ღირებულებებს. ეს არის გზავნილი, რომელიც თაობებს გადაეცემა“, - აღნიშნა ცოტნე ანანიძემ სიტყვით გამოსვლისას.
„მთაში ყველაზე კარგად იციან ტრადიციების ფასი. „მარეთობაც“ აქაური სტუმარ-მასპინძლობის გამოხატულებაა, რომელსაც ასე უფრთხილდება თითოეული მარეთელი“, - აღნიშნა შუახევის დელეგატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში, ფრიდონ ფუტკარაძემ.
სახალხო დღესასწაული, ტრადიციულად, მრავალფეროვანი ღონისძიებებით გაგრძელდა - დაჯილდოვდნენ „საპატიო მარეთელები“. ეს წოდება სხვადასხვა სფეროში გამორჩეულ ადამიანებს გადაეცათ. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და პროფესიისადმი ერთგულად მსახურებისთვის, ტრადიციული ჯილდო მოქმედ მედდას, ეთერ ფუტკარაძეს გადასცა. საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, დაჯილდოვდნენ წარმატებული მოსწავლეები.
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებულ „მარეთობაზე“ წარმოდგენილი იყო დეკორატიული კუთხეები, მარეთის ხეობისთვის დამახასიათებელი ტრადიციული სამზარეულო, სამუზეუმო ექსპონატები, ეთნოგრაფიული ნიმუშები. ასევე, მოეწყო ხეობის ტრადიციების ამსახველი ფოტო-გამოფენა.










