ფსიქიატრია ის სპეციალობაა, სადაც პაციენტი და ექიმი ერთად ბერდება - ინტერვიუ ზაზა გუნცაძესთან

1550865944
მედავითნე, ნარკოლოგი და ფსიქიატრი - ფოთელი ექიმი ზაზა გუნცაძე ბათუმის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ექიმ-ფსიქიატრად, ხოლო სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ნარკოლოგ-ექსპერტად მუშაობს. ფოთში მეტადონის პროგრამის ერთ-ერთი ხელმძღვანელია, ასევე, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ლექტორი და ფონდი "ქველმოქმედი 2015"–ის დამფუძნებელი გახლავთ.
როგორც ზაზა გუნცაძე „აიპრესთან“ ჰყვება, ფსიქიატრია ეს ისეთი სფეროა, სადაც პაციენტი და ექიმი ერთდროულად ბერდებიან. ცხოვრების მთავარი პრინციპი მისთვის სიკეთის კეთებაა. ის ყოველ შაბათ-კვირას ავადმყოფებს უანგაროდ იღებს. როგორც ზაზა გუნცაძე ამბობს, ექიმი არ უნდა შეჰყურებდეს ადამიანს ხელში, გადაუხდის თუ არა კონსულტაციის თანხას. მისი თქმით, თავად პროფესია ექიმი ქველმოქმედებას გულისხმობს.
თქვენ ქართული კინოსა და თეატრის ერთ-ერთი ცნობილი მსახიობის, ოთარ გუნცაძის შვილი ხართ, რომელსაც არაერთ ცნობილ ფილმში, მათ შორის „ცისფერ მთებში“ მიუღია მონაწილეობა. ალბათ, ბავშვობიდან „მოწამლული“ იყავით „სცენის მტვერით“, ლოგიკური იქნებოდა თეატრალური აგერჩიათ და არა სამედიცინო...
შეიძლება ითქვას, რომ თეატრში გავიზარდე. სცენის ფარდას მე ვხსნიდი და ვხურავდი. არც ერთი სპექტაკლი არ მაქვს გამოტოვებული, რომელშიც მამაჩემი და მისი უახლოესი მეგობრები მონაწილეობდნენ. ადამიანი, ხელოვანი იქნება, ექიმი თუ პედაგოგი, უნდა ემსახურებოდეს ხალხს. თუ მამაჩემისთვის თეატრი იყო ცხოვრებაში უმთავრესი, ჩემთვის რატომღაც მედიცინა გახდა. მაგრამ თეატრალებთან ურთიერთობა ძალიან დამეხმარა სამედიცინო პრაქტიკაში. ვფიქრობ, ფსიქიატრი გარკვეულწილად სამსახიობო ნიჭით უნდა იყოს დაჯილდოებული.
რა ფაქტორმა განაპირობა ამ პროფესიის არჩევა?
ჩვენი ოჯახი ყოველთვის გამოირჩეოდა სტუმართმოყვარეობით, ხშირად იკრიბებოდნენ სახლში ხელოვანები, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, მათ შორის იყო უბნის ულამაზესი ქალბატონი ექიმი სერენა შენგელია, ის ძალიან საინტერესოდ ჰყვებოდა საექიმო პრაქტიკის ისტორიებს, რაც ჩემთვის ძალიან ორგანული გახდა. უკვე მეშვიდე კლასში ზუსტად ვიცოდი, რომ არჩევანს სამედიცინო სფეროზე გავაკეთებდი.
რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც ფსიქიატრია?
ვფიქრობ, ფსიქიატრია ერთადერთი სფეროა, სადაც მეტი სიკეთე შეიძლება აკეთო. რადგან ყველაზე მეტად სწორედ ფსიქიურად დაავადებულ ადამიანებს სჭირდებათ თანადგომა, სიყვარული და სითბო. ამ პაციენტების უმრავლესობა გარიყულია საზოგადოებისგან, უფრო მეტიც, ოჯახის წევრებისგანაც...
რას გაიხსენებთ სამედიცინო პრაქტიკიდან, გყავთ გამორჩეული პაციენტი?
თითქმის 25 წელიწადია ფსიქიატრი ვარ და ბევრი რამ შეიძლება გავიხსენო. პაციენტების ცხოვრება იმდენად გათავისებული მაქვს, რომ მათთან ყოველდღიური ურთიერთობა, ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ფსიქიატრია არის სპეციალობა, სადაც პაციენტი და ექიმი ერთად ბერდება.
რამდენიმე წლის წინ, ფოთის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ერთი ქალბატონი არანებაყოფლობით მკურნალობას გადიოდა. ის თვლიდა, რომ „მსოფლიო პრეზიდენტი“ იყო. ისე მოხდა, რომ იმ პერიოდში დავოჯახდი და სამსახურში დაბრუნებულს ამ ქალბატონმა ლამაზად შეფუთული, სასაჩუქრე ბარათი გადმომცა წარწერით _ „ერთი მილიონი ევრო ზაზა ექიმს მსოფლიო პრეზიდენტისაგან, ცოლის მოყვანასთან დაკავშირებით“. დღესაც დიდი სასოებით ვინახავ ამ ბარათს...
როგორც ნარკოლოგი, რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდებს?
დღეს იმდენად ბევრი ფსიქოაქტიური ნივთიერებებია, ცნობილი თუ უცნობი, ახალგაზრდებს ვურჩევდი, არასოდეს ხელი არ წაუცდეთ, რადგან შედეგი ყოველთვის არის მძიმე და დამანგრეველი. ადამიანი ფიზიკურად და ფსიქიურად, მთელი ცხოვრების განმავლობაში გადართული იქნება მხოლოდ იმაზე, თუ როგორ მოიპოვოს ნარკოტიკი. ეს ადამიანები შემდგომ რჩებიან გარიყულები საზოგადოებისგან, ოჯახისგანაც, რადგან ნარკომანია პიროვნების განდგურებას, დეგრადაციას იწვევს. საუკეთესო თვისებები რაც არის ადამიანში _ სიკეთე, სიყვარული და ა.შ. . ყველაფერი იკარგება, მაშინ როცა ბევრი რამით შეიძლება სიცოცხლე გავიხალისოთ. თვითონ ჩვენშივე უხვად გამოიყოფა ბედნიერების ჰორმონები და ცხოვრება საამურია ნარკოტიკების გარეშეც. დავიცვათ ცხოვრების ჯანსაღი წესი და ვიყოთ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები.
რას გვეტყვით სტატისტიკაზე?
კატასტროფულად მზარდია ბოლო დროის სტატისტიკური მონაცემები. ოფიციალურად 200 000 ნარკომომხმარებელი გვყავს, რომლებიც სხვადასხვა პროგრამებში არიან ჩართულნი. ეს ძალიან დიდი ციფრია, ისეთი მცირერიცხოვანი ერისათვის, როგორიც საქართველოა. წარმოიდგინეთ, ყოველი მეთერთმეტე არის ნარკოდამოკიდებული. აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან მოხდეს დროული რეაგირება და ასევე აუცილებელია სკოლის მერხიდანვრ საზოგადოების, ოჯახის, პედაგოგებისა და ფსიქოლოგების აქტიური ჩართულობა, რათა ახალგაზრდები სრულფასოვნად აღიზარდონ და ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრონ.
თქვენ ყოფილი მედავითნე ხართ, კარგად იცით ძველი ქართული და ხუცური. დროის სიმცირის მიუხედავად, რამდენად ახერხებთ ეკლესიასთან ახლოს ყოფნას?
ლოცვა, ღვთის მსახურება, ჩემთვის ყოველთვის იყო და არის აღმატებული და მნიშვნელოვანი. დროის სიმცირის გამო მართალია ვერ ვახერხებ ეკესიაში ხშირად სიარულს და ვგრძნობ სულიერ შიმშილს, მაგრამ ჩემი პირადი ლოცვებით უფალთან კავშირი არასოდეს გამიწყვეტია. გარდა ფსიქიატრიული კლინიკისა, ასევე ვმუშაობ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ნარკოლოგად. ვიმედოვნებ, მომავალში უფლის შეწევნით, შევძლებ ჩემს საყვარელ საქმეს _ ექიმობას შევათავსო მედავითნეობა.
დაოჯახებამდე გადაწყვეტილი გქონდათ ბერი გამხდარიყავით. რა გარემოებამ გადაგაფიქრებინათ და დღევნდელი გადასახედიდან როგორ შეაფასებთ ამას?
ურთულეს პაციენტებთან მუშაობისას, ვხედავდი რა ამ ცხოვრებისეულ ამაობას, მართლაც მინდოდა სასულიერო პირი გავმხდარიყავი და ბერად ავღკვეცილიყავი, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ია, ჩემი მომავალი მეუღლე. მახსოვს მოძღვრის სიტყვები - შეიძლება ბერი იყო და წარწყმდე და შეიძლება ერში იყო და ცხონდეო. მთავარია ყოველთვის და ყველგან აკეთო სიკეთე, დაიცვა უფლის მცნებები და დროის სიმცირის მიუხედავად, არ მოსცილდე დედა ეკლესიის წიაღს.
როგორ გაიცანით თქვენი მომავალი მეუღლე?
ლოცვებში ყოველთვის შევთხოვდი უფალს, რომ ეჩვენებინა ჩემთვის სწორი გზა, ბერად წავსულიყავი თუ დავრჩენილიყავი ერში. ამ დროს ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ია. მაშინ ის ტელევიზიაში ჟურნალისტად მუშაობდა და სხვადასხვა პროფილით გადაცემებს ამზადებდა. ერთხელაც ის სახლში გვეწვია, მამაჩემზე _ მსახიობ ოთარ გუნცაძეზე სიუჟეტის მოსამზადებლად. იმ დროისათვის მამა 8 წლის გარდაცვლილი იყო და მისი მეგობრების ინიციატივით, გახსენების საღამო შედგა, სწორედ ეს უნდა გაეშუქებინა იას ტელევიზიით. ჩვენმა ნაცნობობამ მალევე სხვა ღირებულებები შეიძინა და 5 წლის თავზე, როცა მივხვდით, რომ უერთმანეთოდ არ შეგვეძლო _ დავქორწინდით. მადლობა უფალს, ერთად ბედნიერები ვართ და უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის. გვყავს 12 წლის შვილი_ ოთარ გუნცაძე, მამაჩემის მოსახელე, რომელსაც დიდი სიყვარულითა და სასოებით ვზრდით. ვცდილობთ, თუ რამ არის ჩვენში დადებითი, ყველაფერი გადავცეთ და ჩვენი ცხოვრების პირადი მაგალითით ვაჩვენოთ, როგორი უნდა იყოს ადამიანი.
ჩვენ როგორც მშობლებს კარგად გვესმის საზღვარგარეთ განათლების მიღების უპირატესობები, მაგრამ ვფიქრობთ საქართველოშიც არის შესაძლებელი ხარისხიანი განათლების მიღება. სასურველია ქართველი ადამიანი საქართველოდან უცხოეთში არ მიდიოდეს ბედნიერების საძებნელად და ყველა თავის სახლ-კარში იყოს ბედნიერი.
თქვენ ძალიან აქტიური საქველმოქმედო ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი ხართ, როგორ დაიბადა ეს იდეა და რატომ?
თუ ადამიანი ბუნებით არ არის კეთილი, მას ვერ აიძულებ სიკეთე აკეთოს. თვითონ პროფესია ექიმობა ქველმოქმედებას გულისხმობს. არ უნდა შეჰყურებდე ხელებში პაციენტს, გადაგიხდის თუ არა კონსულტაციის თანხას. ბედნიერი ვერ ვარ ხოლმე, როდესაც ვხედავ რომ ჩემს გვერდით ვიღაცას შია, სწყურია, სახლ-კარი, ტანსაცმელი და მედიკამენტი არა აქვს. დიდ ბედნიერებას მანიჭებს, როდესაც შემიძლია მცირე წვლილი შევიტანო ამ ადმიანების დახმარებაში. უფლის წყალობით, უკვე მეოთხე წელია ჩვენი საქველმქმედო ფონდი ფუნქციონირებს და ამ ხნის მანძილზე,კეთილ ადამიანებთან ერთად შევძელით, შევხიდებოდით 26 ადამიანს ჯამრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში, ხოლო 500-ზე მეტ ადამიანს _ საკვები პროდუქტებით, შეშით ტანსაცმლითა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით დავეხმარეთ. უფლის შეწევნით ვიმედოვნებთ, მომავალში კიდევ უფრო მასშტაბურ საქველმოქმედო აქციებს მოვაწყობთ.
როგორ ასწრებთ ამდენ რამეს ერთად? ვინმე გეხმარებათ?
ყველაფერი წუთებში მაქვს გათვლილი. ხშირად მორიგეობები და ღამისთევები მიწევს, ხან ფსიქიატრიულ კლინიკაში, ხანაც ექსპერტიზის ბიუროში. მორიგეობის შემდგომ კი დილიდან პაციენტების მიღება და მათთან გასაუბრება იწყება. სულ რაღაც რამოდენიმე საათით, მართლაც სტუმრად ჩამოვდივარ ჩემს საყვარელ ქალაქში, ოჯახში, სადაც მელოდება 80 წლის დედა, ძმა, მეუღლე და შვილი. ყველაზე ბედნიერი ვარ ოჯახურ გარემოცვაში. გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, მეუღლის ხელშეწყობით, ყოველთვის ვპოულობ ხოლმე დროს განტვირთვისათვის, მეგობრებთან და ახლობლებთან ურთიერთობისთვის. ასევე მახარებს ის, რომ მეუღლესთან ერთად შევძელი ჩემი მშობლების _ მამაჩემის , როგორც მსახიობისა და დედაჩემის _ როგორც სახალხო მთქმელის ცხოვრება და მოღვაწეობა წიგნად გამომეცა.
ავტორი: ანა ჯახაია