საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ "ღამის კურიერში"სტუმრობისას, სკოლებში ჩინური ენის სწავლებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი თქმით, შესაძლოა, პირველ ეტაპზე, ქვეყანაში არსებულ ყველა სკოლაში არ მოხდეს ამ სიახლის დანერგვა, თუმცა ქვეყანაში ჩინური მასწავლებლების რაოდენობის შევსება ონლაინ სწავლებითაც იქნება შესაძლებელი.

"ამ პროცესის ლაიტმოტივი იყო თანამედროვე სამყაროს მოთხოვნებისადმი საქართველოს საზოგადოებისა და სკოლის მოსწავლეების აღჭურვა იმ უნარებით, რაც მათ დასჭირდებათ. უდავოა, რომ ერთ-ერთი არის ჩინური ენა. ჩემთვის ცოტა გასაოცარი იყო ის გამოხმაურება, რაც მივიღეთ ჩინური ენის ცოდნის და კომპეტენციის კუთხით.

დღეს, საქართველოში მოქმედებს 7 მეორე უცხო ენის სტანდარტი, მათ შორის არის ევროპული და აღმოსავლური ენები, ამ შვიდს დაემატება მე-8, ეს იქნება ჩინური ენის სტანდარტი.

მე-5 კლასის შემდეგ, მეორე უცხო ენის არჩევა არის ნებაყოფლობითი. სტუდენტებს და სკოლის მოსწავლეებს რომ აერჩიათ ასეთი ენა, ჩვენ ვალდებულები ვიყავით შეგვეთავაზებინა, თუმცა არ არსებობდა სტანდარტი, შესაბამისად მასწავლებელზე ვიქნებოდით დამოკიდებულნი თუ ვის, როგორ, რა სახელმძღვანელოთი და რა შინაარსით წაიყვანდა საგაკვეთილო პროცესს.

მომავალი წლიდან გვექნება სტანდარტი და ამ სტანდარტის შესაბამისად იხელმძღვანელებს ყველა მასწავლებელი. რაც შეეხება მასწავლებლების რაოდენობას, თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას, რომ მასწავლებლების რესურსი მობილიზდეს.

2100-მდე საჯარო სკოლაა საქართველოში, ყველგან არ იქნება ხელმისაწვდომი, მაგრამ იმ სკოლებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ, რომ ჩინური ენის საგაკვეთილო პროცესი აიღონ მოსწავლეებმა, ჩვენ დისტანციურადაც შევთავაზებთ [გაკვეთილებს]. უნდა ვთქვა, რომ დისტანციურად ენის სწავლება ძალიან კარგ შედეგებს იძლევა", - განაცხადა ალექსანდრე წულაძე.