მე არ ვიცი, როდის არ იყო ამ ქვეყანაში მკაცრი ნარკოპოლიტიკა, – ასე უპასუხა ექიმმა ნარკოლოგმა, ზურაბ სიხარულიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, იყო თუ არა საჭირო ნარკოპოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება იმ მონაცემების გათვალისწინებით, რაც დღეს არსებობს ნარკომომხმარებლებთან დაკავშირებით?
„ნარკოპოლიტიკა საქართველოში ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რეპრესიულ ნარკოპოლიტიკად და, შესაბამისად, ჩემთვის ცოტა გაუგებარია და ყოველთვის გაუგებარი იყო, რომელ ლიბერალურ პოლიტიკაზეა საუბარი? ერთადერთი, ლიბერალიზმად შეიძლება ჩაითვალოს და ისიც იყო საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება მარიხუანასთან დაკავშირებით, რაც დღესაც არსებობს და დღესაც ფუნქციონირებს, თუმცა შემდგომ გარკვეული კანონები იქნა მიღებული, რომელიც ამკაცრებდა მარიხუანის მოხმარებას ღია სივრცეში, რაც ჩვეულებრივი ამბავი იყო“, – განაცხადა ზურაბ სიხარულიძემ.
მისი თქმით, გასაღება საქართველოში ისედაც მკაცრად ისჯებოდა, 12 წლით, ან უვადო პატიმრობით და თუ ახლა 15 წელი გახდება, მისი აზრით, ეს მნიშვნელოვნად არ შეცვლის რეალიზატორთა დამოკიდებულებას რეალიზაციასთან დაკავშირებით.
„მე არ ვთვლი, რომ ახლა ორი წლით რაღაც ვადის მომატება გასაღებასთან დაკავშირებით რაღაცას შეცვლის“, – განაცხადა ზურაბ სიხარულიძემ.
მისი თქმით, ქვეყანაში ვერასოდეს ვერ დადგინდა ის მინიმალური დოზა, რის გამოც მომხმარებელი არ უნდა წავიდეს ციხეში.
„ანუ, ამწუთას დიდი საშიშროება დგება, რომ ადამიანს, რომელსაც არა გაყიდვისთვის, გასაღებისთვის თუ გადაცემისთვის, არამედ პირადი მოხმარებისთვის ექნება რაღაც გარკვეული რაოდენობა და ისჯებოდა მინიმალური რაოდენობით ეს რაოდენობა, ახლა ეს რაოდენობები განახევრდა და არა რეალიზატორი, არამედ ამ კანონში მოხვდება მომხმარებელი. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა ამ კანონში, ამ გამკაცრებაში და დოზების შემცირებაში. როგორც მე ვიცი, ჰეროინის დოზა თუ იყო დიდი ოდენობა 1 გრ, ახლა გახდა 0,5გრ. ერთი გრამიც დღეს არაფერი ოდენობა არ არის რეალურად ადამიანისთვის, რომელიც დამოკიდებულია. დღე-ღამის განმავლობაში კი, შეიძლება, მაღალი დოზაა, მაგრამ, დავუშვათ, ევროპაში ნახევარი გრამი ჰეროინი პირადი მოხმარებისთვის საშუალო დოზად ითვლება“, – განაცხადა ზურაბ სიხარულიძემ.
როგორც ექიმმა ნარკოლოგმა განმარტა, მისთვის გაუგებარია გადაცემის ცნება, რომელიც შემოდის და გახდა ასევე ძალიან მკაცრად დასჯადი, თუმცა, რა თქმა უნდა, არის დადებითი მხარე ამ კანონში ის, რომ გასაღება და კომერციული მიზნით გასაღება ერთმანეთისგან გაიმიჯნა, თუმცა სასჯელი ორივე შემთხვევაში არის.
„მე ვთვლი, რომ დამდებების მიმართ საერთოდ, ზოგადად უნდა შეიცვალოს მიდგომა და უფრო მეტად უნდა იყოს მათთან პრევენციული მუშაობა, ამ ტიპის ახალგაზრდებთან. სასჯელით ვერ შეაშინებ რეალიზატორს, სამწუხაროდ. ნარკობიზნესს სხვა კანონები აქვს და შავ ბაზარს – სხვა კანონები“, – განაცხადა ზურაბ სიხარულიძემ.
მისივე თქმით, კანონის გამკაცრებით ცდილობენ, მიწოდება შეამცირონ, თუმცა რაც არ უნდა ვებრძოლოთ მიწოდებას, თუ მოთხოვნა იქნა, მიწოდება არ შემცირდება.
ამასთან, ექიმმა ნარკოლოგმა თქვა, რომ მომხმარებელი დღეს ყველაზე დიდი რისკის ქვეშ დგას და ამ გამკაცრებამ, შეიძლება, ბაზარზე გააჩინოს ძალიან მძიმე და ცუდი ხარისხის ნარკოტიკები, რომლებიც ძალიან იაფი და ხელმისაწვდომი იქნება.
„შესაბამისად, როგორც კი დეფიციტი შეიქმნება, რაც წინა ხელისუფლების დროს ნულოვანი ტოლერანტობის შემთხვევაში მოხდა, გაჩნდა სააფთიაქო ნარკომანია, რამაც დაღუპა ქვეყანა და დღესაც გვყავს უამრავი ადამიანი, რომელიც ახლაც დამოკიდებულია სააფთიაქო ნარკოტიკზე და დღესაც გვაქვს ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც სააფთიაქო ნარკოტიკი იყიდება არალეგალურად“, – განაცხადა ზურაბ სიხარულიძემ.
შეკითხვაზე, არის თუ არა მაღალი მოთხოვნა და როგორ უნდა შემცირდეს ის, ზურაბ სიხარულიძემ განაცხადა, რომ მოთხოვნა ძალიან მაღალია და კანონის გამკაცრება არ არის ორიენტირებული მის შემცირებაზე.
„მოთხოვნის შემცირება არის რამდენიმე კომპონენტი, ეს არის რეაბილიტაცია, მკურნალობა, ზრუნვა, ზიანის შემცირება, რომელიც აუცილებლად უნდა განხორციელდეს ამ ქვეყანაში და ეს არის პრევენცია. ეს კომპონენტები თუ ერთმანეთთან არ იქნა გადაბმული და ჩვენ მარტო მიწოდებას ვებრძოლეთ, აბსოლუტურად არასწორია“, – განაცხადა ზურაბ სიხარულიძემ.