სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, დავით ვერავამ, ხობის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, ხობის მუნიციპალიტეტის მერთან, მერის მოადგილეებთან და სამსახურის უფროსთან ერთად გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სახელმწიფო რწმუნებული, მოადგილესთან გიორგი ნადარაიასთან და ხობის მერთან, დავით ბუკიასთან ერთად, ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლის მშენებლობის პროცესს გაეცნო. სკოლის ტერიტორიაზე მოეწყობა ღია სპორტული, ხელოვნურსაფარიანი, კომბინირებული მოედანი და რეკრეაციული სივრცე. შენობის ეზოში და შესასვლელებთან მოეწყობა შშმ პირთა პანდუსები, ხოლო შენობაში დამონტაჟდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სრულად ადაპტირებული ლიფტი. აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების შემდეგ, ახალი ხიბულის N1 საჯარო სკოლა მოსწავლეებს სრულად ადაპტირებულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილ კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში მიიღებს. პროექტს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტო ახორციელებს.

დავით ვერავა ახალ ხიბულაშივე საშეროზიოს უბანში გზის რეაბილიტაციის მიმდინარეობას გაეცნო. პროექტის შესაბამისად შიდა სასოფლო გზაზე იგება ბეტონის საფარი, მოეწყობა, მილხიდები და ეზოებთან მისასვლელები. ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1,5 მილიონ ლარზე მეტია.

სახელმწიფო რწმუნებული გზის რეაბილიტაციის პროცესს ასევე გაეცნო ბიის ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც 9 აპრილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება. პროექტის შესაბამისად იგება ბეტონის და ასფალტის საფარი, მოეწყობა რკინა-ბეტონის კიუვეტები. დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და ხელოვნური საგზაო ბარიერები. პროექტი, რომლის ღირებულებაც 1,6 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

სახელმწიფო რწმუნებული ასევე გაეცნო, ხობის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესს, საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონის მშენებლობა უკვე დასრულდა. სტადიონის მშენებლობის პროექტი მოსახლეობის ინიციატივითა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის განხორციელების შედეგად ხობის მუნიციპალიტეტს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი სპორტული მოედანი შეემატა.