ვინც „ნაციონალური მოძრაობის" მანიფესტს არ შეუერთდება, დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება ექნება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
„მანიფესტი არის „ნაციონალური მოძრაობის" განაცხადი, რომ გვაქვს ღია პლატფორმა და ვისაც აქვს სურვილი შემოუერთდეს იმ პრინციპებს, რაც მანიფესტშია ჩამოწერილი, კარი ყველასთვის ღიაა. ვინც პარტიის გაუმართლებელი კრიტიკით და პარტიის ლეგიტიმურად არჩეული სტრუქტურების ეჭვქვეშ დაყენებით ცდილობს, რომ პარტია დაასუსტოს, ის თვითონ აყენებს თავს პარტიის გარეთ. პარტიაში ამ მანიფესტზე გადაწყვეტილება მიღებულია. ახლა გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მისაღები აქვს იმ ადამიანებს, ვინც ამ მანიფესტს ნებისმიერი ფორმით შემოუერთდება, იქნება ეს სოციალური მედია, ტელევიზია თუ ა.შ. თუ არ შემოუერთდება, დამოუკიდებელ გზას აირჩევს. ჩვენ გაგვიხარდება, თუ პარტიას ისინიც შემოუერთდებიან, ვისი განცხადებებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში სამწუხაროდ, პარტიის საწინააღმდეგოდ იყო მიმართული. ეს მათი არჩევანი იქნება. "ნაციონალური მოძრაობა" ღიაა ყველასთვის, ვინც მანიფესტს შემოუერთდება, ხოლო ვინც არ შემოუერთდება, დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება ექნება", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.