სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის - უფრო სწორად, რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის მთავრობის - ზოგადი კურსი სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და ხშირად მთავრობის ნაბიჯები წინააღმდეგობაშია იმასთან, რაც მოეთხოვება. საჭიროა, მომავალ წელს ქართველ ხალხს საშუალება მიეცეს, აირჩიოს პროევროპული, კანონის უზენაესობის ერთგული მთავრობა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა „ევროპის სახალხო პარტიის“ პოლიტიკურ ასამბლეაზე გამოსვლისასგანაცხადა.
„მადლობას ვუხდი „ევროპის სახალხო“ პარტიას საქართველოს ევროპული მისწრაფებების დიდი მხარდაჭერისთვის. ქართველი ხალხი ძალიან აფასებს ამ მხარდაჭერას. ევროკომისიის რეკომენდაციამ, რომ საქართველოს მიეცეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, იმ გაგებაზე დაფუძნებული, რომ 9 რეკომენდაციაში ჩამოთვლილი დემოკრატიული რეფორმები გატარდება, საქართველოში დიდი აღტაცება გამოიწვია. მსურს მადლობა გადავუხადო თქვენს დედაქალაქებს, ასევე, ევროპარლამენტში “ევროპის სახალხო პარტიის” ფრაქციის წევრებს, რომლებიც ხმამაღლა აჟღერებენ საკვანძო საკითხებს და ეხმარებიან საქართველოს, იაროს ევროპისკენ. კომისიის გადაწყვეტილება მიზნად ისახავს, მთავრობის ნაბიჯების მიუხედავად, საქართველო შეინარჩუნოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის - უფრო სწორად, რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის მთავრობის - ზოგადი კურსი სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და ხშირად მთავრობის ნაბიჯები წინააღმდეგობაშია იმასთან, რაც მოეთხოვება. საჭიროა, მომავალ წელს ქართველ ხალხს საშუალება მიეცეს, აირჩიოს პროევროპული, კანონის უზენაესობის ერთგული მთავრობა, რომელიც შეუერთდება ევროპის სხვა ქვეყნებს და მხარს დაუჭერს უკრაინის ბრძოლას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის და, შესაბამისად, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის. მომავალ არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გამარჯვებას აპირებს. ჩვენი განზრახვაა, ევროპული დღის წესრიგი ჩვენი კამპანიის ნაწილად ვაქციოთ და წარმოადგინოს კონკრეტული გეგმა, რას გააკეთებს პარტია ყველა იმ აუცილებელი რეფორმის გასატარებლად, რაც ევროკავშირის საშუალებას მისცემს, წევრობის მოლაპარაკებები გახსნას საქართველოსთან. ამ გზაზე წინაღობებია. თქვენ ყველამ იცით არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის შესახებ პრეზიდენტ სააკაშვილის - „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებლისა და ლიდერის მიმართ - რაც სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური შურისძიების და მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნებისთვის არასათანადო გამოყენების აშკარა მაგალითი.
პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომლის მიმართაც მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ იმპიჩმენტი სცადა, ვალდებულია, გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლება და შეიწყალოს პრეზიდენტი სააკაშვილი.
თუ პრეზიდენტ სააკაშვილის უკანონო და უსამართლო პატიმრობა გაგრძელდა, ეს ეჭვქვეშ დააყენებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანობას, გააღრმავებს პოლარიზაციას და შეზღუდავს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შესაძლებლობებს, წინასაარჩევნო კამპანიისას აქცენტი გააკეთონ საკითხებზე, რომლებიც ამომრჩეველს აინტერესებს. პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხში თქვენი აქტიური ჩართულობის იმედი გვაქვს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გააკეთებს ყველაფერს, რომ საქართველომ სწრაფად იაროს ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა