„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ყველა, ვინც განცხადებას აკეთებს იმასთან დაკავშირებით, რომ კანდიდატის სტატუსზე ოპოზიციაში არ არის ერთიანობა, სამწუხაროდ, ნებით თუ უნებლიეთ, ხელს უწყობს „ქართული ოცნების“ პროპაგანდას.
ჭიაბერაშვილის თქმით, უცხოეთში მისი ვიზიტები სწორედ საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას ემსახურებოდა.
„ეს უნდა გავითვალისწინოთ და არ შეიძლება ზოგადი, დაუსაბუთებელი, ფაქტების გარეშე საუბრები. თუ ხდება რამე ფაქტი, თუნდაც ოპოზიციის მხრიდან, რომელიც დადასტურებულია და ყველამ იცის, ბუნებრივია, ყველამ უნდა აგოს პასუხი, მაგრამ დაუსაბუთებლად საკუთარი თანამებრძოლების მიმართ ხელის გაშვერა ამ სიტუაციაში, როდესაც „ქართული ოცნების“ რუსული პროპაგანდა განსაკუთრებული სიმტკიცით გვებრძვის, ჩემი აზრით, სრულიად გაუმართლებელია. განვლილი თვე-ნახევრის განმავლობაში რვა ქვეყანაში ვიყავი – ბრიუსელშიც ვიყავი და კიდევ შვიდი ქვეყნის დედაქალაქში. ჩემი ვიზიტების ამოცანა ზუსტად ის იყო, რომ ქვეყანამ სტატუსი მიიღოს. მსგავსი წუხილი მე არ მომისმენია. უფრო პირიქით, უკლებლივ ყველა ჩვენი პარტნიორი აღიარებდა, რომ ამ მნიშვნელოვან სიტუაციაში, „ქართული ოცნების“ საბოტაჟის ფონზე, პროდასავლური ოპოზიცია იქცევა მაღალი შეგნებით და იქცევა ისე, როგორც სჭირდება ქვეყნის ეროვნულ ინტერესს. ეს მესმის ჩვენი პარტნიორებისგან. ამიტომაც ვამბობ, რომ პირველი – ბრალდება უნდა მიემართებოდეს „ქართულ ოცნებას“; და მეორე – თუკი ვინმეს რაიმე ინფორმაცია აქვს, ეს უნდა იყოს კონკრეტული. სხვაგვარად მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ რუსული პროპაგანდის წისქვილზე ასხამს წყალს“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა