„ჩვენ ახლა ველოდებით ევროკომისიის ანგარიშს. „ქართული ოცნების“ არაერთმა ნაბიჯმა, რომელიც ევროკავშირის 12 რეკომენდაციის საწინააღმდეგო იყო, ძალიან დააზიანა ჩვენი პერსპექტივა, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ ქართველი ხალხის მიერ გამოვლენილი მკაფიო ნება უზრუნველყოფს, რომ უკვე მეორედ არ გადავადდეს სტატუსის მიღება.“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო ურთიერთობების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა

“ვულოცავთ საქართველოს დიდი ქართველის და ქართველთა შორის ყველაზე დიდი ევროპელის, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 186 წლისთავს. სიმბოლურია, რომ ამ დღეს ჩვენი ყურადღება ევროპის დედაქალაქისკენაა მიპყრობილი.

მაგრამ ჩვენი ყურადღება კირბალისკენაცაა მიპყრობილი, სადაც ოკუპანტებმა, „ქართული ოცნების“ კაპიტულანტური პოლიტიკის პირობებში თამაზ გინტური მოკლეს და ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს. ამ ფონზე კიდევ უნდა ვთქვათ, ევროკავშირი და ნატო არის დაცვა და გარანტია, რომ რუსეთმა ოკუპაცია შეწყვიტოს და ქართველმა საკუთარ მიწაზე უსაფრთხოდ იგრძნოს თავი.

ამიტომაა ევროკავშირში გაწევრიანება ქართველი ხალხის არჩევანი.  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ვარდების რევოლუციის შემდგომ ჩატარებულმა რეფორმებმა მყარი ნიადაგი შექმნა ამ მიზნის განსახორციელებლად.

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაიწყო 2009 წელს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მოლაპარაკებებისთვის მომზადებით. ეს შეუძლებელი იქნებოდა იმ ფუნდამენტური რეფორმების გარეშე, რაც საქართველომ ვარდების რევოლუციის შემდგომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს განახორციელა. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის დროშა პოლიტიკური სიმბოლიკის ნაწილად სწორედ მიხეილ სააკაშვილმა აქცია.

დღეს ამ გზაზე ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.

წესით, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ჯერ კიდევ 2022 წლის ივნისში უნდა მიეღო უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, მაგრამ „ქართული ოცნების“ ანტიევროპულმა, პრორუსულმა ნაბიჯებმა ერთხელ უკვე გამოიწვია გადაწყვეტილების გადადება.

ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან „ქართული ოცნება“ ახორციელებს ევროკავშირში გაწევრიანებასთან სრულიად შეუთავსებელ პოლიტიკურ დევნას, რომლის მკაფიო გამოხატულება პრეზიდენტ სააკაშვილის უკანონ და უსამართლო პატიმრობაა. შარშან ევროპული საბჭოს მიერ სტატუსის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას უკანონო და უსამართლო დაკავება ქართველო ხალხის ისტორიული არჩევანისათვის ძირის გამოთხრის ცხადი მაგალითია. „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების პერსპექტივას საფრთხე შეუქმნა გაზაფხულზე რუსული კანონის ინიციირებით და შემოდგომაზე პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის მცდელობით. საქართველოს მეგობრები მუდმივად წუხან იმაზე, რომ საქართველოს საგარეო-პოლიტიკური პოზიციონირება წინააღმდეგობაშია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან.

ჩვენ ახლა ველოდებით ევროკომისიის ანგარიშს. 

„ქართული ოცნების“ არაერთმა ნაბიჯმა, რომელიც ევროკავშირის 12 რეკომენდაციის საწინააღმდეგო იყო, ძალიან დააზიანა ჩვენი პერსპექტივა, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ ქართველი ხალხის მიერ გამოვლენილი მკაფიო ნება უზრუნველყოფს, რომ უკვე მეორედ არ გადავადდეს სტატუსის მიღება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს გააკეთებს, რომ ასრულდეს ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი და საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. მომავალ არჩევნებში გამარჯვებით „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანას ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე სწრაფად წაიყვანს.” - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა