"გერმანიის შემთხვევა პასუხია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც სუვერენიტეტის მნიშვნელობაზე აქცენტირება ღიმილისმომგვრელია. რეალურად, გერმანიაში დღეს არსებული სავალალო ვითარება საუკეთესო გაფრთხილებაა ყველასთვის, თუ რატომ უნდა ვიბრძოლოთ და გავუფრთხილდეთ სუვერენიტეტს ნებისმიერ ფასად!", - ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ წერილში წერს:
"დავიწყოთ იმით, რაც თითქოს დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია – წინასაარჩევნოდ გერმანიაში სხვადასხვა პარტიის 16 კანდიდატი გარდაიცვალა, მათგან შვიდი კი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ოპოზიციური პარტიის – „ალტერნატივა გერმანიისთვის“ საარჩევნო სიის წევრი იყო.
ამ დონის და ტიპის საერთაშორისო სკანდალი, უახლოეს წარსულში რთულად თუ გაგვახსენდება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გამაოგნებელია, რომ „დიფ სთეითის“ მიერ მართული საერთაშორისო მედია მომხდარს, ანუ არჩევნების წინ მთავარი ოპოზიციური პარტიის რამდენიმე წევრის მოულოდნელ გარდაცვალებას არაფრად აგდებს და რომ არა ინტერნეტი და სოციალური ქსელები, რომლის კონტროლიც „დიფ სთეითს“ ძალიან უჭირს, ამის შესახებ ალბათ ვერაფერს გავიგებდით.
კიდევ უფრო დაუჯერებელი და გამაოგნებელია ის, რომ გერმანულმა სამართალდამცავმა უწყებებმა პოლიტიკოსების გარდაცვალებათა ამ გაუგონარი ფაქტების შესახებ, უმოკლეს დროში, რაიმე სახის დანაშაული გამორიცხა და განაცხადა, რომ სხვადასხვა პარტიის 16 კანდიდატის გარდაცვალება, ყველა შემთხვევაში, ბუნებრივი მიზეზებით იყო გამოწვეული.
დაუჯერებელია არა?!
უბრალოდ წარმოიდგინეთ რა შედეგები მოჰყვებოდა ამ ამბავს, ასეთი სკანდალი ნებისმიერ სხვა, „დიფ სთეითის“ მიერ ვერ/არ მართულ ქვეყანაში რომ მომხდარიყო...
რეალურად, გერმანიაში მომხდარი ეს სკანდალი უნიკალური მაგალითია იმისა, თუ რა ემართება „დიფ სთეითის“ მიერ სრულად კონტროლირებადი ქვეყნის მოსახლეობას, როცა საზოგადოება გონს მოსვლას იწყებს და აცნობიერებს, რომ მართული პოლიტიკოსების გარდა, მათ ქვეყანაში მოიძებნებიან ლიდერები და პარტია, რომელიც საკუთარი სამშობლოსა და სუვერენიტეტის დაბრუნებისთვის იბრძვის და ერთი მხრივ „დიფ სთეითს“, მეორე მხრივ კი „დიფ სთეითის“ მიერ სრულად კონტროლირებად თანამემამულეებს უპირისპირდება.
პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ თითქოს შეუძლებელი შეძლო და ამ უთანასწორო ბრძოლაში მოსახლეობის 20%-ზე მეტის მხარდაჭერა დაიმსახურა და პრაქტიკულად, მთავარ ოპოზიციურ პარტიად ჩამოყალიბდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არ იყო საკმარისი, რადგან „დიფ სთეითს“ გერმანიაში, ყველა სტრუქტურაში, თუ ზოგადად – იდეოლოგიაში იმდენად ღრმად აქვს ფესვი გადგმული, რომ ქვეყანაში ყველაფერს არაფორმალური, ოლიგარქიული მმართველობა განაგებს.
„ალტერნატივამ გერმანიისთვის“ ეს მოახერხა იმ გერმანიაში, რომელსაც, როგორც ვხედავთ, სუვერენიტეტი სრულად აქვს დაკარგული, სადაც ადამიანები რისკავენ სამუშაო ადგილებს, თუ ღიად გამოხატავენ თავიანთ მოსაზრებებს გენდერული იდეოლოგიის, ან მასობრივი მიგრაციის საკითხებზე. ანუ, თუკი იტყვი, რომ ტრადიციულ ოჯახის მომხრე ხარ, ან თუ მასობრივ მიგრაციას ეწინააღმდეგები, სამუშაოს დაკარგავ.
„ალტერნატივა გერმანიისთვის“ რომ რეალურად იბრძოდა საკუთარი ხალხისა და ქვეყნის სუვერენიტეტისთვის ამას თუნდაც მხოლოდ ის ფაქტი გვაფიქრებინებს, რომ „დიფ სთეითის“ მიერ მართულმა გერმანიის ისტებლიშმენტმა ეს პარტია „მემარჯვენე ექსტრემისტულ“ ორგანიზაციად გამოაცხადა და მისი აკრძალვა სცადა.
როგორ ჩანს, მათთან მიმართებაში „დიფ სთეითმა“ ვერ გამოიყენა საკუთარი მძლავრი იარაღი – მოსყიდვა, გადაბირება და საკუთარ აგენტად ქცევა, რითაც იმართება კიდეც გერმანიის დღევანდელი ხელმძღვანელობა.
შესაბამისად, არც მოსყიდვა და ამ ეტაპზე – არც აკრძალვა რომ არ გამოუვიდათ, სხვა მეთოდს მიაგნეს და პოლიტიკოსების მკვლელობას მიჰყვეს ხელი.
სხვაგვარად დაუჯერებელია, რომ პარტიას, რომელმაც საზოგადოების დიდი ნაწილის ნდობა დაიმსახურა და ხალხს ის სავალალო მდგომარეობა დაანახა, რაშიც გერმანია სუვერენიტეტის დაკარგვის შედეგად აღმოჩნდა, ამდენი ლიდერი სწორედ არჩევნების წინ, ლამის ყოველ მეორე დღეს უკვდება, ამ ყველაფერზე კი სამართალდამცავი ორგანოები აცხადებენ, რომ საეჭვო არაფერია...
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ცხადზე-ცხადია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, გერმანიაში, სხვადასხვა პარტიის 16 კანდიდატის გარდაცვალებას არანაირი სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყვება და რომც მოჰყვეს, გერმანია, მათ შორის საკუთარი სამართალდამცავი უწყებებით იმდენად აქტიურად იმართება გარედან, რომ იმასაც არ დაადგენენ, ეს ხალხი რისგან გარდაიცვალა რეალურად. გამოძიება რომც წარიმართოს, მისი სანდოობაზე სერიოზულად მსჯელობა შეუძლებელი იქნება.
შესაბამისად, მივიღეთ სურათი, რომ ამ დაუნდობელი ნაბიჯით „დიფ სთეითი“ სიკვდილის ჩანერგავს შიშს იმ პოლიტიკოსებსა და პარტიებში, რომლებიც ვერ მოისყიდა, საკუთარ აგენტებად ვერ აქცია და გარკვეულწილად, ადამიანების სიცოცხლის ფასად, მაინც მიაღწევს სასურველს. და, მიუხედავად ამისა, თუკი გარკვეულ წინააღმდეგობას წააწყდებიან, „ალტერნატივას გერმანიისთვის“ უბრალოდ აკრძალავენ, რისი რესურსიც ახლა უკვე ნამდვილად აქვთ.
ამ ფონზე, გერმანელი ხალხი ჩიხშია შესული. გონს კი მოვიდნენ, საკუთარ ფავორიტებად გერმანიის პატრიოტები აირჩიეს, მაგრამ უკვე გვიანია, რადგან ამ პატრიოტულ პარტიებს გერმანიის მართვის სადავეებს აღარავინ დაუთმობს, იმდენად დიდია „დიფ სთეითის“ როლი და მისი აგენტურის გავლენა ამ ქვეყანაში.
გერმანიის მაგალითი საუკეთესო ნიმუშია იმისა, თუ რა გემართება, როდესაც სუვერენიტეტი დაკარგული გაქვს და გარედან გაკონტროლებენ. სწორედ ასე სავალალოდ გამოიყურება დღეს სუვერენიტეტდაკარგული ქვეყანა, ყველაზე განვითარებული, ყველაზე წარმატებული, უმაღლესი კულტურის, მათ შორის შრომის კულტურის მქონე გერმანია, რომელსაც „ყველა სიკეთესთან ერთად“, „დიფ სთეითმა“ საკუთარი აგენტურის ხელით ენერგეტიკა დაუნგრია, როდესაც ატომური ელექტროსადგურები დაახურინა, შემდეგ რუსული, იაფი, ენერგიის წყაროები ჩაუკეტა და ახლა მათთან აომებს. ამ ყველაფრის შედეგი უკვე სახეზეა – ერთ დროს, ეკონომიკურად ევროპის წამყვანი სახელმწიფო, რომელიც რამდენიმე წლის წინ მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების სამეულში შედიოდა, მესამე წელია რეცესიაშია და სავარაუდოა, რომ უახლოეს პერიოდში მათი მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად გაუარესდება.
ასეთია სამწუხარო რეალობა გერმანიისა, საიდანაც გამოსავალი არ ჩანს, გამოსავალი იმისა, თუ როგორ შეიძლება დაიბრუნო საკუთარი ქვეყანა. ერთადერთი, ალბათ, საერთო-სახალხო ამბოხების იმედად თუ იქნებიან, თუმცა, ამის ნიშნები, ჯერ-ჯერობით, არ ჩანს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გერმანიის შემთხვევა პასუხია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც სუვერენიტეტის მნიშვნელობაზე აქცენტირება ღიმილისმომგვრელია. რეალურად, გერმანიაში დღეს არსებული სავალალო ვითარება საუკეთესო გაფრთხილებაა ყველასთვის, თუ რატომ უნდა ვიბრძოლოთ და გავუფრთხილდეთ სუვერენიტეტს ნებისმიერ ფასად!"- წერს ზაზა შათირიშვილი.