"ერთსაც ვიტყვი, უფრო მათთვის, ვინც კარგად ვერ გაიგო, რაც დავწერე. ერთი წუთით შევწყვიტოთ ამ კანონების ავკარგიანობაზე კამათი. ჩვენ გვინდა ევროკავშირში შესვლა და ეს კონსტიტუციაშიც ჩავწერეთ. მაგრამ მხოლოდ ჩვენი სურვილი საკმარისი არ არის, ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოც უნდა დაეთანხმოს ჩვენს მიღებას. ისინი კი გვეუბნებიან, რომ ეს კანონები ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს და მათი მიღება შეაფერხებს ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას. ახლა, თუ გინდათ ევროკავშირის წევრობა, საკუთარ თავს ჰკითხეთ, უნდა მივიღოთ ეს კანონი და ამით ჩვენივე ხელით ჩავრაზოთ ევროკავშირში შესასვლელი კარი, თუ არ მივიღოთ და ეს კარი ღია დავტოვოთ?" - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე სოციალურ ქსელში წერს
ვახტანგ ხმალაძემ სოციალურ ქსელში დაწერა:
"გიზიარებთ სანდრო ბარამიძის პოსტს და ვაცხადებ, რომ სავსებით ვეთანხმები სანდროს შეფასებებს. ეს არ არის ამერიკული კანონი. ამასთანავე, რამდენიმე არგუმენტს წარმოგიდგენთ, რატომ არ შეიძლება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონების მიღება (შემდგომ, სიმარტივისთვის, ამ კანონებს აგენტების შესახებ კანონებად მოვიხსენიებ). დემოკრატიულ სახელმწიფოებში სტუდენტებს ასწავლიან (საქართველოშიც ასე ვასწავლით), რომ კანონით თითქმის ყოველთვის იზღუდება ვიღაც ან/და რაღაც (ვინმესთვის რაიმე ვალდებულების დაკისრებაც შეზღუდვაა). ამიტომ კანონი სამართლიანია და მისი მიღება გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როცა არსებობს პრობლემა, რომლის გადაჭრაც აუცილებელია საზოგადოების ინტერესების დასაცავად და ამის გაკეთება შეუძლებელია შეზღუდვის დაუწესებლად. მაშასადამე, უნდა არსებობდეს ლეგიტიმური მიზანი. ამ მიზნის მიღწევის საშუალებებიც ლეგიტიმური უნდა იყოს - უნდა იყოს მინიმალურად შემზღუდავი, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე კანონებს. გარდა ამისა, უნდა შეფასდეს მოსალოდნელი შედეგები - დასახული მიზნის მიღწევამ არ უნდა დააზიანოს უფრო მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესები.ვნახოთ, აკმაყოფილებს თუ არა ეს კანონპროექტები ზემოაღნიშნულ პირობებს?
ამ კანონპროექტების ინიციატორები გვეუბნებიან, რომ მათი მიზანია მედია-საშუალებებისა და ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლებისა და ხარჯების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, თუ მათი შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული
.• მედია-საშუალებების შემოსავლების გამჭვირვალობა უკვე უზრუნველყოფილია „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით (მუხლი 70), ხოლო მათი ხარჯების კანონიერებას აკონტროლებს შემოსავლების სამსახური. მაშასადამე, დასახული მიზანი დიდი ხანია მიღწეულია და ამ კანონების მოქმედება არ უნდა გავრცელდეს მედია-საშუალებებზე. თუ ყველაფერი უცვლელად დარჩება, სიახლე იქნება ის, რომ:
ზემოაღნიშნულ მედია-საშუალებებს მიაწებებენ „უცხოური გავლენის აგენტის“ ან „უცხოელი აგენტის“ იარლიყს, რითაც მოხდება მათი სტიგმატიზაცია;
მოხდება იმ პირთა პერსონალური მონაცემების გასაჯაროება, რომლებიც მუშაობენ მედია-საშუალებებში ან თანამშრომლობენ მათთან. ეს კი ეწინააღმდეგება პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობის კონსტიტუციურ პრინციპს, ვინაიდან ასეთი ინფორმაციის მიმართ არანაირი საჯარო ინტერესი არ არსებობს (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 18.3);
• არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლები და ხარჯები მათი ყოველწლიური დეკლარაციების მეშვეობით ცნობილია შემოსავლების სამსახურისთვის. გრანტის მიმცემსა და შემომწირველს შეუძლიათ მიიღონ სრული ინფორმაცია მათ მიერ გადაცემული თანხების გამოყენების შესახებ. ოღონდ, ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია, თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ყოველწლიურად აქვეყნებს თავისი საქმიანობის ანგარიშს. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ საჯარო გახდება ყველა შემოსავალი და ხარჯი: მოხდება ზემოაღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზაცია; მოხდება ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციების შემომწირველთა და იმ პირთა პერსონალური მონაცემების გასაჯაროება, რომლებიც მუშაობენ ამ ორგანიზაციებში, რაც ეწინააღმდეგება პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობის კონსტიტუციურ პრინციპს (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 18.3);
მოხდება ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრიმინაცია მათ მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას, რაც ეწინააღმდეგება თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარების კონსტიტუციურ პრინციპს (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 6.2). საქმე ის გახლავთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციას აქვს სამეწარმეო საქმიანობის უფლება, ოღონდ იმ პირობით, რომ მიღებული მოგება მოახმაროს ორგანიზაციის საწესდებო მიზნების შესრულებას (მაგალითად, ქველმოქმედებას, კვლევას, განათლებას და ა.შ.), და თუ მისი სამეწარმეო საქმიანობის დეტალები საჯარო გახდება, იგი დისკრიმინირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება კონკურენტ მეწარმეთა მიმართ, რომელთა სამეწარმეო საქმიანობის დეტალებიც კონფიდენციალურია;
• ზემოაღნიშნული მედია-საშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზაციასა და პირადი ინფორმაციის გასაჯაროების ვალდებულებას ექნება „მსუსხავი“ ეფექტი - უცხოური და საერთაშორისო ორგანიზაციების დიდი ნაწილი აღარ მოინდომებს „უცხოური გავლენის აგენტის“ ან „უცხოელი აგენტის“ სტატუსის მქონე სუბიექტების დაფინანსებას; საქველმოქმედო ორგანიზაციები დაკარგავენ პოტენციური შემომწირველი ფიზიკური პირების დიდ ნაწილს (როგორც წესი, ქველმოქმედი ფიზიკური პირები თავის ვინაობას არ ასაჯაროებენ); მედია-საშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი თავს შეიკავებს უცხოური დაფინანსების მიღებისაგან, რათა თავიდან აიცილონ „აგენტის“ სახელი და ამის გამო არ დაკარგონ მოქმედი თუ პოტენციური თანამშრომლები. ყოველივე ეს, ბუნებრივია, დიდ ზიანს მიაყენებს მათ საქმიანობას, რაც გამოიწვევს კონსტიტუციით დაცული გამოხატვის თავისუფლების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლებისა და გაერთიანების თავისუფლების პრინციპების დარღვევას (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლები: 17 და 22);
• აგენტების შესახებ კანონები ეწინააღმდეგება ევროპის კავშირის ფუძემდებლურ პრინციპებს და, შესაბამისად, მათი მიღებით დაირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომელიც კონსტიტუციურ ორგანოებს ავალდებულებს, „თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.მოსალოდნელი შედეგების შესაფასებლად დამატებით უნდა ითქვას, რომ აგენტების შესახებ კანონის მიღება, ზემოთ აღნიშნულთან ერთად, ძალიან დიდი ალბათობით გამოიწვევს არასამთავრობო ორგანიზაციათა მიერ თითქმის ყველა უცხოური გრანტის მიღებისა და უცხოურ შემოწირულობათა შეწყვეტას (ეს კი, ფაქტობრივად, მათი ერთადერთი შემოსავალია), რის გამოც ამ ორგანიზაციათა მრავალი თანამშრომელი დაკარგავს სამსახურს და ეს ორგანიზაციები:
ვეღარ გაუწევენ უანგარო დახმარებას შშმ პირებს;
ვეღარ გაუწევენ უფასო იურიდიულ დახმარებას სოციალურად დაუცველ პირებს
; ვეღარ დააფინანსებენ პირებს, რომლებიც საქმიანობენ სოფლის მეურნეობის სფეროში;
ვეღარ მოემსახურებიან დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, კანონის უზენაესობის განმტკიცებას, ადამიანის უფლებათა დაცვასა და ხარისხიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფას.როგორც ვხედავთ, განხილული კანონპროექტები ეწინააღმდეგება სამართლიანი კანონის ყველა ფუძემდებლურ პრინციპს და მათი მიღება არ შეიძლება! - წერს ვახტანგ ხმალაძე.