ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა ბათუმის საკრებულოში დღეს გაიმართა. 

პრიორიტეტულ მიმართულებებს შორისაა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, ქალაქის დასუფთავება, ეკოლოგიური მდგომარეობისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლება, კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, ქალაქის ეკონომიკური და ურბანული განვითარება, მუნიციპალური სერვისების განვითარება, წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება. 
„შარშან ვამბობდით, რომ უპრეცენდენტო  იყო 2024 წლის ბიუჯეტი, 464 მილიონს შეადგენდა უკვე კორექტირებული ბიუჯეტი, მაგრამ წელს, მართლა უპრეცენდენტოა, ნახევარ მილიარდს მიუახლოვდა, 492 მილიონია. თუმცა, გარკვეული ტიპის შემოსავლები, როგორც სახელმწიფოში, ავტონომიურ რესპუბლიკაში, ასევე ქალაქის ბიუჯეტში, წლის ბოლოს აკუმულირდება ხოლმე. ქართული ეკონომიკის ორნიშნა ზრდა გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მინიმუმ 50-60 მილიონით კიდევ გაიზრდება ბათუმის ბიუჯეტი და 550 მილიონს გადააჭარბებს“,-აცხადებს, ბათუმის საკრებულოს  საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის წევრი, თენგის აფხაზავა. 
ბათუმის საკრებულოში ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი 13 ნოემბერს შევიდა.
რეგლამენტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუდმივმოქმედ კომისიებში 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა მომდევნო კვირაში დასრულდება, რის შემდეგაც საკრებულოს თავმჯდომარე ქალაქ ბათუმის მერს არაუგვიანეს 25 ნოემბრამდე გადაუგზავნის საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის შემაჯამებელ დასკვნას, შენიშვნებითა და წინადადებებით. 
თავის მხრივ, ქალაქ ბათუმის მერი ვალდებულია განიხილოს პროექტის თაობაზე გამოთქმული მოსაზრებები, შენიშვნები და ბიუჯეტის პროექტის იმავე ან შესწორებული ვარიანტი არაუგვიანეს 10 დეკემბრისა წარუდგინოს საკრებულოს დასამტკიცებლად.
ბათუმის ბიუჯეტის პროექტს საკრებულო ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე დაამტკიცებს.