გამჭვირვალობის ყალბი მოტივით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, უცხოური გავლენის ორგანიზაცია უწოდოს და რეესტრში მოაქციოს მთელი არასამთავრობო სექტორი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
„მაშინ, როდესაც ამერიკაში და სხვა ქვეყნებში კანონები, იქნება ეს FARA თუ სხვა, ეროვნული უსაფრთხოების დაცვას ისახავს მიზნად, გამჭვირვალობის ყალბი მოტივით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, უცხოური გავლენის ორგანიზაცია უწოდოს და რეესტრში მოაქციოს მთელი არასამთავრობო სექტორი, ის ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ საოკუპაციო ხაზთან, ეხმარებიან ადამიანებს, იქნებიან შშმ პირები თუ სხვები.
ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მათთვის მთავარი საფრთხე მოდის დასავლეთიდან, კრიტიკული მედიის თუ სამოქალაქო სექტორისგან და დღეს ისინი თავს იცავენ. მაშინ, როდესაც ცხრა რეკომენდაციის შესრულება იყო ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელოვანი წინაპირობა, „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ მთავარი ინტერესია ძალაუფლების დაცვა. ისინი დასავლეთისგან იცავენ თავს. შესაბამისად, რაც არ უნდა თქვას „ქართულმა ოცნებამ“, რაც არ უნდა პოსტერი ატრიალოს, ფაქტია, დასავლეთი პირდაპირ გვეუბნება, რომ ეს არ არის დემოკრატიული. „ქართული ოცნება“ კი ამბობს, რომ თავი უნდა დაიცვან არასამთავრობოებისგან. მათთვის ყალბი გამჭვირვალობა უფრო უპირატესია, ვიდრე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.