ოპოზიციონერი დეპუტატის თეონა აქუბარდიას განცხადებით, ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრები არის რეალურად არჩევნების გზით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვების შესაძლებლობა.
მისივე თქმით, როგორ მოხდება გადაჯგუფება, ეს დამოკიდებულია როგორც პოლიტიკურ ლიდერებზე, ასევე, საზოგადოებრივ განწყობებზე, რასაც სჭირდება ობიექტური საზოგადოებრივი აზრის კვლევა.
„შეიძლება, ყველას ეგონოს, რომ მეტი სასტარტო პოზიციას აქვს, მაგრამ ობიექტურად საზოგადოების მხრიდან აღქმა აბსოლუტურად განსხვავებული იყოს. ვისურვებდი, იყოს რეალურად ობიექტურ მოცემულობაზე აწყობილი გაერთიანებები ისევე, როგორც ხალხის ნდობის დაბრუნების შესახებ მუშაობაზე. მოცემულობაში, როდესაც მოსახლეობის უმეტესობას პოლიტიკური პარტიების არანაირი ნდობა აღარ აქვს, ეს ნდობა დასაბრუნებელია კონკრეტული ხედვებით, კონკრეტული მუშაობით, ენერგიით და იმ ჟინით, რასაც ჰქვია საქართველოს ევროპული მომავალი. ეს არის პასუხისმგებლობა იმ პოლიტიკური ლიდერების, რომლებიც ამ პროცესში შემოდიან, თუ არიან. ვისურვებდი, გადაჭარბებული მოლოდინები არ ჰქონდეთ და ობიექტური რეალობით იმოქმედონ“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.