ივანიშვილი 12 წლის განმავლობაში იყენებდა ადამიანებს, ლიმონივით გამოწურავდა და გადააგდებდა. შემდეგ ახალ ადამიანს შემოიყვანდა და იმასაც გადაუშვებს უფსკრულში, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„დეზინფორმაციულ საშუალებებს იყენებენ კრემლის სტილში, მათ შორის შალვა პაპუაშვილი, ჩემთვის არის ძალიან მძიმე სანახავი. ადამიანები, რომლებსაც აქვთ დასავლური განათლება, თავს იმცირებენ, ასე მარიონეტებად არიან ქცეული. მიყვებიან იმ უფსკრულს, რომელშიც მათ ბიძინა ივანიშვილი მიერეკება. ეს ხომ მათთვის პოლიტიკური და მორალური უფსკრულია? მაგრამ ასე მწყობრში ჩადგნენ და მიდიან მოუსავლეთში, იმიტომ, რომ ერთმა კაცმა ასე თქვა. უნდა ხვდებოდნენ, რა უბედურებაში არიან ჩავარდნილი პერსონალურად. აკეთებენ ამას, იმიტომ, რომ ეს არის ივანიშვილის ნება. არა მხოლოდ ივანიშვილის ნება, როგორც ჩანს არის სხვა ინტერესებიც. ივანიშვილი 12 წლის განმავლობაში იყენებდა ადამიანებს, ლიმონივით გამოწურავდა და გადააგდებდა. შემდეგ ახალ ადამიანს შემოიყვანდა და იმასაც გადაუშვებს უფსკრულში. ეს აუცილებლად დამთავრდება იმიტომ, რომ ადამიანებს არ სურთ დასავლური ორბიტის დაკარგვა და რუსულ ორბიტაზე დაბრუნება“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.