მთავარი პასუხისმგებლობა არის „ქართული ოცნების“ მხარეს, რომელმაც არ მოისმინა ქართველი ხალხის ხმა და წავიდა გაცხადებული კონსტიტუციური არჩევანის წინააღმდეგ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
მისივე თქმით, პროტესტი უნდა იყოს მშვიდობიანი.
„დიდი პროვოკაცია მოაწყო „ქართულმა ოცნებამ“, როდესაც უკან შემოიტანა კანონი, რომელზეც ხალხმა შარშან თქვა არა და რომელზეც ნახეს, რამხელა წინააღმდეგობა იყო. მთავარი პასუხისმგებლობა არის „ქართული ოცნების“ მხარეს, რომელმაც არ მოისმინა ქართველი ხალხის ხმა და წავიდა გაცხადებული კონსტიტუციური არჩევანია წინააღმდეგ. რაც შეეხება თავად პროტესტს, რა თქმა უნდა, ეს პროტესტი უნდა იყოს მშვიდობიანი. მნიშვნელოვანია, რომ დაპირისპირებაში არ გადავიდეს ყველაფერი. თუმცა ის პოლიტიკური განცხადებები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის, საწინააღმდეგოს მეტყველებს. ეს არის სამოქალაქო პროტესტი, პარტიების ორგანიზება არ არის, შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა დაიხიოს უკან. ვნახეთ გადამეტებული ძალის გამოყენება როგორც მოქალაქეების, ისე პოლიტიკოსების წინააღმდეგ. გომელაურმა პასუხი უნდა გასცეს, თუ ვინ და რა დაჯგუფება ჰყავს, რომელიც ქუჩაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ეწევა“, – აღნიშნა აქუბარდიამ.
ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ხალხზე ძალადობა არის „ქართული ოცნების“ მხრიდან პროვოკაცია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ.
„მე გუშინ ვიყავი მეორე მხარეს და იქითაც წამოიღო წიწაკის სპრეი. ფიზიკურად ვერ გავჩერდი, ქვემოთ ვიყავი, არც ინტერნეტი იჭერდა და, შესაბამისად, ასე დეტალებს ვერ გეტყვით. როდესაც სახელმწიფო ძალადობს საკუთარ ხალხზე და ქვეყნის არჩევანის წინააღმდეგ მიდის, „ქართული ოცნების“ მხრიდან პროვოკაცია ხორციელდება საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. მთავარია არა მხოლოდ კანონის უკან გაწვევის იძულება მშვიდობიანი გზით, არამედ „ქართული ოცნების“ გაშვება. „არა რუსულ კანონს“ გადავიდა „არა რუსულ მთავრობაში“. ამ აქციების ორგანიზება ოპოზიციის არ არის“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.