მსვლელობის მონაწილეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან.

მსვლელობის დაწყებამდე „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ბევრი ადამიანის გამოსვლა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ერთად მიღება.

„მიზანია, რომ ერთმანეთი დავინახოთ კვლავ. მიზანია, ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც ყველამ დაგვინახოს. მიზანია, რომ იყოს ერთგვარი გადატვირთვა, მათ შორის, პირველ რიგში, ბევრი ადამიანის ერთად გამოსვლით და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ერთად მიღებით. ეს პოლიტიკოსების დაგეგმილი აქციაა, მაგრამ გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ ერთად, უნდა ვიაროთ ერთიანად განსაზღვრულ გზაზე. იმედი მაქვს, იმ გამოცდას, რომელიც ჩაბარებული გვაქვს უკვე ძალიან წარმატებით, ეს არის გამოცდა დროში გამძლეობაზე, დავამატებთ ახლა რაოდენობის გამოცდას და ვიქნებით ასევე ბევრნი. ძალიან მიხარია დღევანდელი დღე, ზოგადადაც გილოცავთ ამ დღეს. ასეთი დღე, როგორიც 26 მაისია, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ძალიან ცოტაა. უდიდესი დღეა და იმედი მაქვს, საქართველოს დამოუკიდებლობა იდგება მყარად და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ოღონდ ამას სჭირდება მუდმივი მუშაობა, მუდმივი დაცვა, სუნთქვა თავისუფლად და მუდმივად ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.