„ოპოზიციური ალიანსი“ ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საქართველოდან აზერბაიჯანში გაძევებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადების თანახმად, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის ქვეყნიდან გაძევებით, "ივანიშვილის რეჟიმმა დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლომ აკრძალა სადიგოვის ექსტრადიცია, რადგან ჩათვალა, რომ ეს სადიგოვის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის".
„რეჟიმის ნაბიჯი არის პირადი შურისძიება, ივანიშვილის მიმართ სადიგოვის კრიტიკული დამოკიდებულების გამო.
ოპოზიციის ალიანსი მხარდაჭერას ვუცხადებთ აფგან სადიგოვს და მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, მონიტორინგი გაუწიოს ამ შემთხვევას, ჟურნალისტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი ადმინისტრაციული წესით დააკავა. შსს-ს ცნობით, ის სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის იქნა დაკავებული. სახდელის სახით მას შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით.




