რასაკვირველია, პროტესტმა თავისთავად დიდი ტრავმა მიიღო, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

თამარ ჩერგოლეიშვილმა  შეკითხვას უპასუხა, რა მოხდა 4 ოქტომბრის შემდეგ ოპოზიციისთვის და რა მოცემულობა დაუდგათ.

მისი თქმით, პროტესტი არ არის ბურჭულაძის რაღაც დელუზიური გეგმების შესახებ, რომელიც სააკაშვილისგან არის ნაკარნახევი.

„პროტესტს ეტყობოდა იქ, როგორიც არის პროტესტი, მშვიდობიანად იდგა რუსთაველზე და იყო გაკვირვებული იმით, რაც მოხდა, ხომ? ანუ, პროტესტი არ მიჰყვება არცერთ ლიდერს. პროტესტი თავისით აგრძელებს არსებობას. სხვათა შორის, აქედან რომ გავალ, ახალი კანონით, 15-დღიანი პატიმრობა უნდა მომისაჯონ, რადგან ვიყავი რუსთაველზე და გზის სავალ ნაწილზე ვიარე. ზოგადად, მე არ ვარ ხოლმე მომხრე, რომ როდესაც, ვთქვათ, არ არის საკმარისი ხალხი, ქუჩა გადაიკეტოს და ქუჩის გადაკეტვის უფლება, როგორც ასეთი, არ არსებობს, მაგრამ რუსთაველი რისი სიმბოლოა? რუსთაველი არის სიმბოლო რეჟიმის ლეგიტიმაციის ეროზიის. ანუ, რეალურად, იქამდე არსებული კანონმდებლობითაც, ოც კაცს, როგორც თვითონ ამბობენ, რუსთაველის გადაკეტვის უფლება არ აქვს. მაგ დროს უნდა მოვიდეს პოლიცია და გითხრას, რომ არ გადაკეტო და წინააღმდეგობა შეიქმნას, მაგრამ პრობლემა რაშია, იცით? ვერ მართავენ. პოლიცია იქ რომ მოვიდეს, შეიძლება, ამათ ეშინიათ ყოველ შემთხვევაში, რომ იმდენი ხალხი მიიღონ ქუჩაში, რომ პირიქით შეუტრიალდეთ და პროტესტი გააღვიძონ. ამიტომ ამის ეშინიათ. იმედი ჰქონდათ, რომ 4-ის მერე პროტესტს მოკლავდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ რაღაც ხალხი არსებობს, რომელიც კვლავ გამოდის“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

შეკითხვაზე, როდესაც არასაკმარისი რაოდენობის ადამიანია შეკრებილი რუსთაველის გამზირზე, სწორედ ამ მიზნით ხომ არ დადიან ეს ადამიანები მანქანებისთვის განკუთვნილ სავალ ნაწილზე, რომ მოხდეს გარკვეული შეხლა-შემოხლა სამართალდამცველებსა და მათ შორის, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რომ მათი გაცხადებული ამოცანაა რეჟიმის ლეგიტიმაციის ეროზია.

„ჩვენი გაცხადებული ამოცანაა რეჟიმის ლეგიტიმაციის ეროზია, რადგან არალეგიტიმურად მიგვაჩნია ეს რეჟიმი ბევრი მიზეზის გამო. არა მხოლოდ იქ არჩევნებს როგორც ატარებს, არამედ იმის გამო, რომ ვინც ხმა მისცა, ისინიც გადაყრილი ჰყავს ხომ, რეალურად? ჩვენს ისტორიულ არჩევანს ღალატობს და ახლა რა ნაბიჯებიც გადადგა, მაგალითად, განათლების სისტემაში, სრულიად სიმეტრიულია იმ პრორუსულ არჩევანთან, რაც გაკეთებული აქვს რეჟიმს“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.