„ნაციონალური მოძრაობა“ არის ავტოკრატიული ძალა, რომელიც თავის ბელადის ილუზიებით დარბის და ატრიალებს ამ ქვეყანასაც, ეს უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც რეჟიმი ჩამოიშლება, თავისუფალ არჩევნებს სალომე ზურაბიშვილი ჩაიბარებს.

„ნაციონალური მოძრაობას“ არ უნდა დაუჯდეს არცერთი რესპექტაბელური ძალა და ჩარეცხოს ბოლომდე. ვიღაცები გაჩუმდნენ, ამ ბაბლის ბანდერლოგების თავდასხმების შეეშინდათ და მაინც დაფიქრდნენ, იქნებ, რაღაცა ხდება და რატომ აღმოვჩნდე სხვაგან. ვიღაცები ყვირიან, სუს-მა მოგვატყუაო. ჩვენ ვერ მოგვატყუა. ორი თვეა, ვყვირი, რომ ფარსი მზადდება და დაიღუპებით, ხალხო. არ მოგვაქციეს ყურადღება. გამარჯვება თუ გვინდა, ავტოკრატიული ძალები პროცესისგან უნდა ჩავხსნათ. პროტესტის დაკვეთა არის დემოკრატიული მმართველობა. თავისუფალ არჩევნებს როდესაც მივაღწევთ, როდესაც რეჟიმი ჩამოიშლება, თავისუფალ არჩევნებს ზურაბიშვილი ჩაიბარებს“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

„ფედერელისტების“ ლიდერმა პარტიების შესაძლო აკრძალვის საკითხზეც ისაუბრა და თქვა, რომ „ეს არის რეჟიმის ფართხალი“.

„რეჟიმს არ აქვს ლეგიტიმაცია, ვერ მართავს ქვეყანას. რუსთაველზე 500-კაციან თუ 10-კაციან, როგორც თვითონ უწოდებენ, პროტესტს ვერ შლის და იგონებს მილიონ საკანონმდებლო ინიციატივას, რომ ქვეყნის მართვა შეძლოს. ეს აკრძალვებიც ამას ეხება. რეჟიმი ქუჩიდან მაინც უნდა გატყდეს“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

კითხვაზე, აქვს თუ არა შიში, რომ მოხდეს „ფედერალისტების“ აკრძალვა, თამარ ჩერგოლეიშვილმა თქვა, რომ „შიში ნებისმიერს აქვს“.

„ბოკერია იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენი ბრძოლისთვის, იგივე უნდა გავაგრძელოთ. 26 ოქტომბერს დაანონსებული გვაქვს დიდი აქცია. პოლიტიკური სპექტრი რომ ყოფილიყო იმ ფორმაში, რომ პროტესტი ემართა, დიდებული იქნებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ოლიგარქიული, ავტოკრატიული, პოლიტიკური ძალების გამო, ოპოზიციაშიც ეს ვერ ხერხდება. საჭიროა დემოკრატიული ძალების ალიანსი. ჩვენ თანამშრომლობას დავთანხმდით იმ ძალებთან, სადაც პოლიტიკური ლიდერები ბელადის გარეშე ნულები არ არიან. სხვანაირად შეუძლებელია, პროცესი გამარჯვებამდე მივიდეს. ვხედავთ დემოკრატიული ბუნების პროტესტს, ამას სჭირდება დემოკრატიული თავი და არა ვიღაც ავტოკრატები, რომლის გარეშეც ყველა ნულია მათ პარტიაში“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.