სასამართლოს მოწმედ ვერანაირად ვერ გამოვადგები, რადგან მოწმის სამართლებრივ სტანდარტს არ ვაკმაყოფილებ. მოწმე რომ იყო, საკუთარი თვალით უნდა გქონდეს ფაქტი ნანახი, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვაზე შესვლამდე განაცხადა. 

"ზუსტად ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი. ზუსტად ვიცი, რომ მამუკა ხაზარაძე უკვეთავდა მთელი ამ ხნის განმავლობაში „ტვ პირველს“ პოლიტიკურ დღის წესრიგს. ზუსტად ვიცი, რომ მზია ამაღლობელის საქმე და მისი სასჯელი არის პოლიტიკური წნეხის ქვეშ გაკეთებული, მაგრამ სასამართლოში მოწმედ ვერავის გამოვადგები, რადგან იმისთვის რომ მოწმე იყო, საკუთარი თვალით უნდა გქონდეს ფაქტი ნანახი. როგორც პოლიტიკოსი, ყოველთვის ვამხელ იმ მავნებლებს, რომლებიც ისეთ ავანტიურაში ჩაითრევენ ქვეყანას, რაც 4 ოქტომბერს სცადეს. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ჩემს სიმართლეში, რომ ბაჩო ახალაია იყო ამ ყველაფერში ჩართული, უბრალოდ, ეს ყველაფერი მე ვიცი საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით. პირველ რიგში, ლევან ხაბეიშვილის, თინა ბოკუჩავას, რაც მთავარია, ანი ნადარეიშვილის, ბურჭულაძის საჯარო განცხადებებიდან ნებისმიერი გონიერი, საქმეში ჩახედული, პროფესიონალი ჟურნალისტი ან პოლიტიკოსი იგივეს მიხვდებოდა და ეს არ იქნებოდა საერთოდ ჩემი სათქმელი. ამაზე იქნებოდა საჯაროდ საუბარი, ჩვენ რომ გვყავდეს თავისუფალი მედია, რომელიც დონორის დაკვეთის შესრულების ნაცვლად, სიმართლის გამოძიებით არის დაკავებული“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

შეგახსენებთ, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა: ბაჩო ახალაიას სახლში შეხვედრები ტარდებოდა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, ამაზე "ნაცმოძრაობაში" დაპირისპირებაც იყო, მიხეილ სააკაშვილთანაც იყო ამ თემაზე კომუნიკაცია

ასევე, განაცხადა:  არ არსებობს ხალხო დამხობა, არ არსებობს, სრული აფერა იყო, დროშაში "გაბუდნული" იდიოტები, სრული იდიოტები, დადიოდნენ და ხალხს "აბოლებდნენ"