როგორც იტყვიან, ყოველი ანტიქართული სტატიის უკან დიდი ფული იმალება. ასე რომ, ეს კიდევ ერთი ლობისტური პროდუქტია, რომელიც შემდეგ ლობისტების ანგარიშზე აღმოჩნდება, - ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორიც საქართველოს აშშ-ის ყოფილ მოკავშირედ მოიხსენიებს და აცხადებს, რომ ის ირანის ორბიტისკენ იხრება, რაც ტრამპის სტრატეგიას საფრთხეს უქმნის.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს ქართული ანტიპროპაგანდის ტალღის ნაწილია. მან ასევე გიორგი კანდელაკის კვლევაც გაიხსენა, რომლის საფუძველზეც საქართველოს საწინააღმდეგო სტატია კიდევ ერთ ამერიკულ გამოცემაში გამოვიდა და მას „საქართველოს მოღალატე #1“ უწოდა.

„სერგო ორჯონიკიძეზე რომ ვსაუბრობთ ხოლმე, ხომ გვაინტერესებს რა ადამიანი იყო, რატომ ჩაიდინა ის, რაც ჩაიდინა - საქართველოში უცხო ქვეყნის ჯარს შემოუძღვა და ისე დააკარგვინა დამოუკიდებლობა. შეხედეთ გიორგი კანდელაკს და მიხვდებით, როგორი ტიპაჟი იყო სერგო ორჯონიკიძე. ასეთები იყვნენ. ხომ გვიკვირს ხოლმე , როგორ ცხოვრობდნენ ისინი იმ საზოგადოებაში, როგორ ჰქონდათ ურთიერთობა სხვებთან. აი, შეხედეთ გიორგი კანდელაკს. ყველას, ვინც საკუთარ ქვეყანას ღალატობს, თავისი გულშემატკივრებიც და გარშემო ხალხიც ჰყავს - ჯგუფი, რომელიც ყოველთვის ერთმანეთს აგულიანებს და ამ ღალატში ამყარებს. მაგრამ როგორც სერგო ორჯონიკიძის უკან იდგა სხვების ხელი და ზრახვები, ზუსტად ასე დგას გიორგი კანდელაკის უკანაც სხვების ხელი და განზრახვები“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.