გუშინდელი დღე იყო განაჩენი რადიკალური ოპოზიციისთვის. ის რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელიც მათ გარშემო არის შემოკრებული, არის ის „facebook“ ბაბლი, რომელსაც თავი წარმოუდგენია საზოგადოებად და სინამდვილეში „facebook“ - ის ერთი „ფრენდლისთია“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის აქციასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, გუშინდელმა დღემ ყველას დაანახა, რომ საქართველო იმსახურებს უკეთეს ოპოზიციას.

„გუშინდელი საღამო იყო ფინალური აკორდი იმის დასანახად, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს უკეთეს ოპოზიციას. ჩვენ ვნახეთ, როგორც იტყვიან - რაც არ უნდა ჭირი მალო, ჭირი თავს არ დამალავს - არ დამალა ჭირმა თავიც და ვნახეთ გუშინ „ნაცმოძრაობის“ აქცია მთელი თავისი ესთეტიკით, პლაკატებით, მოწოდებებით, სახეებით. მიხეილ სააკაშვილის და მისი რეჟიმის მაღალჩინოსნების - გვარამიას, ბოკერიას, ვაშაძის მიერ ორგანიზებული ღონისძიება. ეს არის სინამდვილეში რაც დაინახა ქართველმა ხალხმა, ადამიანები, რომლებიც მოწოდებულები არიან, რომ გახლიჩონ საზოგადოება. მაშინ, როდესაც ქვეყანა ზეიმობს, ჩააშხამონ ადამიანებს ზეიმი. ვნახეთ, გუშინ მათი მცდელობები, რომ რაიმე ნაირად ყოფილიყო რადიკალური მუხტი მაგრამ ეს მუხტიც აღარ აქვთ უკვე და დაკარგულია დიდი ხანია. ასე, რომ ვფიქრობ, გუშინდელი დღე იყო განაჩენი რადიკალური ოპოზიციისთვის. ის რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელიც მათ გარშემო არის შემოკრებული ეს არის ზუსტად ის „facebook“ ბაბლი, რომელსაც თავი წარმოუდგენია საზოგადოებად და სინამდვილეში „facebook“ - ის ერთი „ფრენდლისთი“ არის. მათი მოწოდებებიდანაც ჩანდა, რომ სოც. ქსელებში გამოჩენილიყვნენ.

ნიშანდობლივია, რომ დამოუკიდებლობის დღეს, როდესაც საზოგადოება ზეიმობს მის სუვერენიტეტს რადიკალური ოპოზიცია დაკავებულია კვლავ ვასალური ქცევით იმისთვის, რომ უცხოელების დავალებები შეასრულოს. ბოლო პერიოდში მათ წამოსცდათ, რომ ამგვარ ღონისძიებებს აორგანიზებენ იმიტომ, რომ სხვებს დაანახონ და დაათვლევინონ თავები, როგორც თვითონ თქვეს იმისთვის, რომ მათი მფარველობა კიდევ გაგრძელდეს. ეს არის „ნაცობის“ იდეოლოგია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.