ჩვენ ამას მადლობისთვის არ ვაკეთებთ. ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი ფუნქციონირებდეს. ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც, ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვისაც, - ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი გაეროს წევრი 50 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, ერთობლივ განცხადებას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ თავდასხმების გაძლიერებასა და დიპლომატიური დაწესებულებების მიმართ მუქარებს გმობს.

მისი თქმით, საქართველომ აქამდეც უკრაინის მხარდამჭერ ათობით საერთაშორისო რეზოლუციას დაუჭირა მხარი, უკრაინის ხელისუფლების დამოკიდებულების მიუხედავად. პაპუაშვილი ასევე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომელმაც მაკა ბოჭორიშვილს მადლობა გადაუხადა.

„ის სიგნალები, რასაც ბოლო პერიოდში ვხედავთ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან იმედს გვიტოვებს, რომ ხდება გადააზრება მათი პოლიტიკისა საქართველოსა და ქართველ ხალხთან მიმართებით. ვნახოთ, დაველოდოთ. მომავალი გვაჩვენებს, რამდენად სერიოზულად მოხდება გადააზრება იმ მცდარი პოლიტიკისა, რაც აქამდე უკრაინის ხელისუფლებას ქართველი ხალხისა და მისი ხელისუფლების მიმართ ჰქონდა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.