პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის წარმატება დააზიანებს ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებს და გააძლიერებს ჩინეთის ინტერესებს.

მისი თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ყველა სახელმწიფო პირველი რიგში საკუთარი ინტერესებით ხელმძღვანელობს.

„აქ ჩანს ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ყველა ქვეყანა საკუთარი ინტერესებით მოქმედებს. გუშინ საღამოს რომ ვიხილეთ „ნაცმოძრაობის“ ღონისძიება, ეს ხალხი არწმუნებს თავის მხარდამჭერებს, რომ ვიღაც დედამიწის ზურგზე უფრო მეტად ზრუნავს საქართველოს ინტერესებზე, ვიდრე ქართველი ადამიანი და საქართველოს ხელისუფლება. ეს მწარე სიმართლეც არ არის, ეს რეალობაა. ასე იყო ყოველთვის, არასოდეს ყოფილა სხვანაირად სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობები ისტორიულადაც, ასე რომ ეს წამოცდენა თუ განცხადება მისი მხრიდან კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რასთანაც ჩვენ საერთაშორისო პოლიტიკაში გვაქვს საქმე.

ზუსტად ასეთივე დამოკიდებულება ჰქონდა სენატორ შაჰინს საქართველოსთან დაკავშირებით. ის ყოველთვის უყურებდა საქართველოს ასე - რა შეიძლება არგოს საქართველომ მისი ქვეყნის ინტერესებს. სხვა საკითხია, რამდენად სწორად ესმის მას ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესები“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აშშ-ის კონგრესის „დემოკრატი“ სენატორის ჯინ შაჰინის განცხადებით, უკრაინაში ომი ისე უნდა დასრულდეს, რომ შეერთებული შტატებისთვის სასარგებლო იყოს.